გაერო: თალიბანს მთავარი საფრთხე ისლამური სახელმწიფოსგან ელის

გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, ავღანეთში თალიბანის მმართველობას მთავარ სამხედრო საფრთხეს დღეს ისლამური სახელმწიფო და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნების მომხრე პარტიზანები უქმნიან.

ავღანეთში მოქმედი ისლამური სახელმწიფო ხორასანში (ISK), რომელიც გლობალური ქსელის განშტოებას წარმოადგენს, თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

თალიბანი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ისლამური სახელმწიფოს კონკურენტ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-კაიდასთან, წერია ანგარიშში.

გაეროს განცხადებით, ავღანეთის ტერიტორიაზე ალ-კაიდას, ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტული ჯგუფების მებრძოლები იყრიან თავს, რაც მეზობელი სახელმწიფოების და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

„დღეს თალიბანის მთავარ გამოწვევას საერთაშორისო აღიარების მიღება, გლობალურ საფინანსო სისტემაზე წვდომა და ფინანსური დახმარების მიღებაა“, - აცხადებენ გაეროს ექსპერტები.

თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში გასული წლის აგვისტოში მოვიდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა აშშ-ს ლიდერობით მოქმედმა საერთაშორისო სამხედრო მისიამ დატოვა.

თალიბანის მთავრობას ოფიციალურად არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, თუმცა თალიბებთან არაფორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ ჩინეთი, რუსეთი და რეგიონის რამდენიმე ქვეყანა.

 

კავშირი ალ-კაიდასთან

გაეროს მკვლევრების თანახმად, დღეს თალიბანის მაღალ ეშელონებში გავლენას ჰაკანის ქსელის სახელით ცნობილი დაჯგუფება ფლობს. ჰაკანის ქსელი ხელისუფლებაში ყველა მთავარ პორტფელს - შინაგან საქმეთა, სასაზღვრო, სადაზვერვო უწყებებს - აკონტროლებს.

ჰაკანის ქსელს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს ალ-კაიდასთან.

ანგარიშის თანახმად, შესაძლოა ალ-კაიდას წამყვანი ლიდერები, მათ შორის მეთაური აიმან აზ-ზავაჰირი აღმოსავლეთ ავღანეთში იმყოფებოდეს.

 

ძალაუფლების მოცილეები

ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად თალიბანმა სპეციალური ძალების სამი ბატალიონი, ე.წ. „წითელი დანაყოფები“ შექმნა.

თალიბანს საგრძნობ წინააღმდეგობას უწევენ ავღანეთის სამოქალაქო ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და უშიშროების ძალების მეთაურები. თალიბანი განსაკუთრებით მკაცრ ზომებს იღებს ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის და ავღანეთის თავისუფლების ფრონტის მხარდამჭერების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები