რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გერმანელების უმრავლესობა მხარს უჭერს

გერმანელების უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება გერმანიაში ენერგომომარაგების პრობლემა შექმნას. ამავდროულად, მსგავსი ღონისძიებების მხარდამჭერთა წილი მცირდება.

Deutschlandtrend-ის უახლესი სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა პარასკევს, 22 ივლისს, გამოკითხულთა 58% ეთანხმება ევროკავშირის სანქციებს, მაშინაც კი, თუ ეს ენერგომომარაგების სირთულეებს იწვევს.

ორი კვირის წინ ამ კითხვას გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა დადებითად, ხოლო მარტში - 68%-მა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ დამოკიდებულება განსხვავდება ქვეყნის აღმოსავლეთში და დასავლეთში.

Deutschlandtrend-ის მიხედვით, აღმოსავლეთ გერმანელების 51% სანქციებს არ ეთანხმება, თუ ეს უარყოფითად აისახება გერმანიაზე. ასეთი დამოკიდებულება ასევე გავრცელებულია მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მხარდამჭერებში, მაშინ როდესაც მმართველი პარტიების და ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ბლოკის მხარდამჭერთა უმრავლესობა სრულად მხარს უჭერს სანქციებს.

რაც შეეხება ქვეყანაში პარტიების მხარდაჭერას, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ბლოკი პირველ ადგილზეა. მათ გამოკითხულთა 27% უჭერს მხარს, მეორე ადგილზე მწვანეები არიან - 22%, მმართველი პარტიის მთავარი პოლიტიკური ძალა სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 19%, AfD - 12% და FDP - 7%.

სოციოლოგიური კვლევა Deutschlandtrend-მა 19-20 ივლისს ტელეკომპანია ARD-ის დაკვეთით ჩაატარა. მასში ხმის უფლების მქონე 1210 რესპონდენტი იყო ჩართული. გამოკითხვის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეიძლება იყოს 2-3%.

მსგავსი სიახლეები