გერმანია: რუსულ ნავთობზე ემბარგო უნგრეთის მონაწილეობის გარეშეც უნდა გამოვაცხადოთ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დადებას უნგრეთის მონაწილეობის გარეშეც დაუჭერს მხარს.
„თუ ევროკომისიის პრეზიდენტი იტყვის, რომ ამას [ემბარგოს გამოცხადებას] 26 წევრი ვაკეთებთ - უნგრეთის გარეშე - ამ გზას მხარს ყოველთვის დავუჭერ“, - განაცხადა მწვანე მინისტრმა გერმანულ საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში.
ჰაბეკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი კონსენსუსის მიღწევას შეძლებს, თუმცა პროცესის გაჭიანურებაზე უკმაყოფილება გამოთქვა.
ევროკავშირის ქვეყნები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსულ ენერგო-ექსპორტზე სანქციების დადებას განიხილავენ.
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, ემბარგოში მონაწილეობას არ აპირებს ან სანქციებისგან შეღავათებს ითხოვს.
ბლოკის მიერ სანქციების ამოქმედებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.