გერმანიის ოჯახის მინისტრი პლაგიატში დადანაშაულების შემდეგ გადადგა

გერმანიის ოჯახის მინისტრი ფრანცისკა გიფაი, მის სადოქტორო დისერტაციაში შესაძლო პლაგიატის ბრალდების გამო, თანამდებობიდან გადადგა. მაგრამ ის ისევ აპირებს ბერლინის მერად იყაროს კენჭი.

გიფაიმ დისერტაცია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში 2010 წელს დაიცვა. 2019 წელს უნივერსიტეტმა გაკიცხა მინისტრი და პლაგიატზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ მისთვის ხარისხი არ ჩამოურთმევიათ.

უნივერსიტეტი ამ გადაწყვეტილების გამო მკაცრად გააკრიტიკეს და მალევე ახალი გამოძიება დაიწყო. გიფაის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დრო ივნისამდე მიეცა, მაგრამ საბოლოოდ მან გადადგომა გადაწყვიტა. 

“ფედერალური მთავრობის წევრები, ჩემი პარტია და საზოგადოება იმსახურებენ იცოდნენ სიმართლე - აღნიშნა მან - ამიტომ მე გადავწყვიტე კანცლერისთვის მეთხოვა გამათავისუფლოს თანამდებობიდან.”

გიფაის ჯერ არ უთქვამს, ისევ აპირებს თუ არა კენჭი იყაროს ბერლინის მერად. გარდა ამისა, ის სავარაუდოდ სექტემბერში გასამართ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებზე ისევ იქნება სოციალ-დემოკრატების კანდიდატი.

“ბერლინელებს შეუძლიათ მე დამეყრდნონ - თქვა გიფაიმ - ვწუხვარ, თუ მე ამ პროცესში შეცდომები დავუშვი. თუ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მე ხარისხი მომეხსნას, ამას დავთანხმდები.”

გადადგომით გიფაი ცდილობს არ შეუერთდეს გერმანიის ცნობილი მინისტრების სიას, რომელთა პოლიტიკური კარიერაც პლაგიატის ბრალდების შემდეგ დასრულდა.

___________________________

2011 წელს კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი გადადგა თავდაცვის მინისტრობიდან, როდესაც მის სადოქტორო ნაშრომში პლაგიატი აღმოაჩინეს, ხოლო 2013 წელს განათლების მინისტრი - ანეტ შავანი.

მსგავსი სიახლეები