ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აგებას გეგმავს, რომლის მშენებლობაც უახლოეს კვირებში დაიწყება.

„ეს მთლიანად საშინაო მოხმარების პროექტია, რომელიც ირანში ბირთვული ენერგიის კვლევას, შეფასებას და წარმოებას დაეხმარება“, - განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო ხელმძღვანელმა და ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ესლამიმ.

ესლამის განცხადებით, ბირთვული კვლევის ახალი ობიექტების მშენებლობას ირანის სამხრეთში გეგმავენ.

თეირანში აცხადებენ, რომ ურანის 60 პროცენტიან ნიშნულამდე გამდიდრებას უკვე მიაღწიეს. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ურანის 90 პროცენტამდე გამდიდრებაა საჭირო.

2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს ურანის მხოლოდ 3,25 პროცენტამდე გამდიდრების უფლება ჰქონდა.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის 90 პროცენტი ისპაჰანის ატომურ ობიექტზე გადაიტანა, სადაც ურანის გაზის ლითონად გარდაქმნა ხდება.

ივნისში ირანმა ატომურ ობიექტებზე 27 კამერა გამორთო, რომლებსაც მონიტორინგისთვის გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იყენებდა.

თეირანში აცხადებენ, რომ ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დამონტაჟებულ კამერებს არ ჩართავენ, სანამ 2015 წელს დადებული ხელშეკრულება არ აღდგება.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ივნისის დასაწყისში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ( IAEA) განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მონიტორინგის სქემით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებამ ბირთვულ შეთანხმებას „სასიკვდილო დარტყმა“ შეიძლება მიაყენოს.

მსგავსი სიახლეები