ისრაელმა ბეირუთზე მასირებული დარტყმა მიიტანა, სამიზნე ჰასან ნასრალა იყო
ისრაელის ავიაციამ მასირებული დარტყმა მიიტანა ბეირუთის სამხრეთში მდებარე ჰეზბოლას სათავო ოფისზე - ისრაელის მიზანი დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია იყო.
ეს 2006 წლის ომის შემდეგ ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მოკლულია 2 და დაჭრილია 76 ადამიანი. ჯამურად კი გასული 11 დღის განმავლობაში ლიბან-ისრაელის საზღვარზე ჰეზბოლასა და IDF-ს შორის საომარი მოქმედებების გამწვავებას ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემა Axios ისრაელის სადაზვერვო უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმის მომენტში შენობაში დაჯგუფების გავლენიანი მეთაურები იმყოფებოდნენ, მათ შორის, მაღალი ალბათობით ადგილზე იყო ჰასან ნასრალაც.
დარტყმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება ჰეზბოლას არ გაუვრცელებია. ისრაელის არმიაში კი ნასრალას მდგომარეობის აზუსტებენ.
ჰეზბოლასთან დაკავშირებული ტელეარხის Al-Manar-ის ცნობით, საავიაციო დარტყმის შედეგად სრულად განადგურებულია 4 მაღალსართულიანი შენობა.
ისრაელის არმიის სპიკერმა, დენიელ ჰაგარიმ ოპერაციას "ჰეზბოლას სათავო ოფისზე განხორციელებული ზუსტი დარტყმა" უწოდა - მისი თქმით, ოფისი განზრახ იყო განთავსებული საცხოვრებელ სახლში.
იმავე Axios-ის ცნობით, ისრაელმა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა აშშ და ოპერაციის მომზადებაში ვაშინგტონი არ მონაწილეობდა. დარტყმის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა თავდაცვის მინისტრებს შორის.
წყაროების ცნობით, ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ პირველად ისრაელის უმაღლესი თანამდებობის პირებმა პირველად 25 სექტემბერს იმსჯელეს. სხდომის შედეგად გადაწყდა, რომ ისრაელის ავიაცია ოპერაციულ შესაძლებლობას დაელოდებოდა, რომელიც 27 სექტემბერს დადგა.
Axios-ის წყაროს ცნობით, ისრაელის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ნასრალა ამ დროისთვის დე-ესკალაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ქმნის, რადგანაც უარს ამბობს ღაზაში მიმდინარე დაპირსიპირებისგან გათიშვაზე.
კონტექსტი
დარტყმას წინ უძღვოდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები 2006 წლის ომის შემდეგ. გასულ დღეებში საფრანგეთმა მხარეებს დე-ესკალაციის საკუთარი გეგმა გააცნო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი ისრაელს მოუწოდა არ წამოიწყოს სახმელეთო ოპერაცია ლიბანში.
ამის ფონზე ისრაელის არმიის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ლიბანში სამხელეთო ოპერაციის გეგმა უკვე მიღებულია და სამხედრო შენაერთები მისიის შესასრულებლად მზად არიან.
24 სექტემბერს დასავლური მედია წერდა, რომ ისრაელზე პირადაპირი შეტევის ორგანიზების თხოვნაზე ირანმა ჰეზბოლას უარით უპასუხა.
ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე ისრაელის საავიაციო დარტყმებს ჰეზბოლას წევრების გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. გაიზარდა ევაკუაციის ზონაც ისრაელის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან.
გასულ კვირას საკომუნიკაციო მოწყობილობების სინქრონიზებული აფეთქებების შედეგად ჰეზბოლამ მძიმე დანაკარგები განიცადა. გარდა ამისა, ცალკეული საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია დაჯგუფების გავლენიანი მეთაურები, მათ შორის, სარაკეტო ძალების უფროსი.