ISW: პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის
პუტინი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებით და რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკის მიხედვით, ის ომში კვლავ მაქსიმალისტურ მიზნებს ისახავს. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 26 ოქტომბრის ანგარიშში წერს.
დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ "დაკარგა სუვერენიტეტი" და შეერთებული შტატები "მას იყენებს, როგორც ტარანს" რუსეთის ფედერაციის, რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს, ОДКБ-ს და დსთ-ს წინააღმდეგ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააფართოვა ეს ნარატივი და 26 ოქტომბერს თქვა, რომ "უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოდ არსებობის უნარი", არის "ნატოს მიერ ოკუპირებული" და "აშშ-ის კოლონიად იქცა".
ISW-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ნარატივი შეუთავსებელია თანაბარი პირობებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან, რომ აღარაფერი ვთქვათ კონფლიქტის დარეგულირებაზე. მათი აზრით, კრემლი კვლავ ცდილობს უკრაინაში სამხედრო გამარჯვების მიღწევას და კიევში პრორუსული რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანას.