იტალიის წინასაარჩევნო კვლევებში ულტრა-მემარჯვენე "იტალიის ძმები" ლიდერობს

25 სექტემბერს იტალიაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს - ამ დროისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ულტრა-მემარჯვენე პარტია "იტალიის ძმები" ლიდერობს. 

"ძმების" ლიდერი ჯორჯია მელონი კი ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის სტატუსით სარგებლობს. მაღალია ალბათობა, რომ 25 სექტემბრის არჩევნების შედეგად, იტალიას ისტორიაში პირველი ქალი პრემიერი და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველი ულტრა-მემარჯვენე მთავრობა ეყოლება. 

"იტალიის ძმებს" ნეო-ფაშისტური ფესვები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯია მელონი მკვეთრად დისტანცირდება ფაშიზმისგან და ამბობს, რომ პარტიის ამგვარი პოზიციონირება წარსულს ჩაჰბარდა, ბევრი კითხვა მაინც ღიად რჩება. 

2019 წელს თავისი პარტიიდან ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატად მელონიმ ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი, ჩეზარე მუსოლინი წარადგინდა. მუსოლინი დიდი სხვაობით დამარცხდა. 

მელონი საკუთარ პარტიას კონსერვატიულს უწოდებს. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსმა ჩაწერა ვიდეო მიმართვები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ ენებზე სადაც ამბობდა, რომ "პარტიამ წარსულში დატოვა ფაშიზმი და რომ პარტია ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნებისმიერი ფორმით შელახვას და ანტი-სემიტიზმის ნებისმიერ ფორმას". 

მელონის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ 2017 წლის არჩევნებზე 4.4% აიღო, შედარებისთვის წლევანდელ არჩევნებზე პარტიის სავარაუდო მხარაჭერის მაჩვენებელი 24%-ია, რაც იტალიურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

თუმცა ქვეყნის ურთულესი საარჩევნო პროპორციული წესებიდან გამომდინარე პირად მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა კოალიციური პარტნიორების რაოდენობა იყოს. 

მელონის პარტია ალიანსშია პოპულისტ მატეო სალვინის პარტიასთან, "ძმების" კიდევ ერთი საარჩევნო პარტნიორია ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის "Forza Italia". 

ჯიორჯია მელონი პოლიტიკით თინეიჯერობისას დაინტერესდა და 15 წლის ასაკში იტალის ნეო-ფაშისტურ პარტიას შეუერთდა. უკვე 31 წლის ასაკში ბერლუსკონის მთავრობაში მელონიმ ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. 2012 წელს მელონი "იტალიის ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 

ევროსკეპტიციზმის მიუხედავად, მელონის პარტიამ ღიად დაუჭირა მხარი მარიო დრაგის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით. თავის მხრივ მელონის აქამდე არ გამოუვლენია მკვეთრი ანტი-ატლანტიკური პოზიციები.

მსგავსი სიახლეები