კლევერლი: უკრაინას შემდეგი პაკეტის ფარგლებში შეიძლება ტანკები გადავცეთ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების შემდეგი პაკეტის ნაწილი შეიძლება ტანკები იყოს. ამის შესახებ The Guardian წერს.

ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ბერბოკმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანია მზად არის უკრაინას მიაწოდოს მძიმე შეიარაღება, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და ამაზე ისინი ნატოს პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ.

"თუ გვინდა, რომ უკრაინა თავისუფალ ქვეყნად დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ შეტევითი იარაღის შესახებ და ეს ნიშნავს უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად საჭირო იარაღის მიწოდებას", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კაცობრიობაზე მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა.

"თუ პუტინს სჯერა, რომ ძალაუფლებას იმაზე მეტხანს შეინარჩუნებს, ვიდრე ჩვენ უკრაინას იარაღით დახმარება შეგვიძლია, ის ცდება", - თქვა ბერბოკმა.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის საუბრისას, ბრიტანეთის მთავრობის მეთაური უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად დამატებითი დახმარებას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები