მერკელის პარტიამ არმინ ლაშეტი კანცლერობის კანდიდატად დაასახელა
არმინ ლაშეტმა გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერა მოიპოვა და სექტემბერში, ბუნდესტაგის არჩევნებზე პარტიის კანცლერობის კანდიდატი იქნება.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების 77.5%-მა დაუჭირა მხარი. მის კონკურენტს, ქრისტიან-დემოკრატების პარტნიორი ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერს, მარკუს ზოდერს - 22.5%-მა.
ზოდერმა ლაშეტს გამარჯვება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ორი პარტიის კავშირს საფრთხე არ ემუქრება.
60 წლის არმინ ლაშეტი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი იანვარში გახდა. ის პარტიაში მერკელის გზის გამგრძელებელ კანდიდატად მიიჩნევა. ლაშეტი გერმანიაში მოსახლეობით ყველაზე დიდი მიწის - ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერია.
არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე კანცლერობის კანდიდატები სხვა პარტიებმაც დაასახელეს.
მწვანეთა პარტიის კანდიდატი ანალენა ბაერბოკი იქნება. მწვანეებმა კანცლერობის კანდიდატი ისტორიაში პირველად დაასახელეს. მწვანეთა პარტია მოსახლეობას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ დამატებითი რეგულაციების მიღებას, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდას და რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.
გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი დაასახელეს. პარტიას საზოგადოებრივი აზრის კვლევებით არასახარბიელო მდგომარეობა აქვს და მესამე ადგილზეა, მაგრამ შოლცის პერსონალური რეიტინგი საკმაოდ მაღალია.
შოლცის ავტორობით ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესისთვის დახმარების პაკეტი მიიღო, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტიდან 750 მილიარდი ევრო დაიხარჯა.