მოლდოვის პრემიერი: რუსეთიდან პოტენციურ სამხედრო აგრესიას განვიხილავთ
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა აცხადებს, რომ რუსეთიდან პოტენციურ სამხედრო ინტერვენციას განიხილავენ.
“ძალიან შეშფოთებულები ვართ. არსებობს [რუსეთის შემოჭრის] რისკი, ჰიპოთეტური სცენარი, თუ რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, ოდესისკენ გადაინაცვლებს“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერმა CNN-თან ინტერვიუში.
გავრილიცას განცხადებით, მოლდოვა სეპარატისტულ დნესტრისპირეთში სტაბილური ვითარების შენარჩუნებას ცდილობს.
რეგიონში 1500-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.
„თუ ქვეყანას შეუძლია ომის დაწყება ანექსიისთვის, ისე, რომ საერთაშორისო სამართალს არაფრად აგდებს, ამ კუთხით უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს თავს და ჩემი აზრით ბევრი ქვეყანაა შეშფოთებული“, - ასე შეაფასა გავრილიცამ რუსეთის სამხედრო აგრესია.
აპრილში რუსეთის ცენტრალური ოლქის სარდლობის უფროსის მოადგილემ, გენერალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ კრემლი მიზნად ისახავს, უკრაინის ოკუპირებული სამხრეთი ტერიტორიები დნესტრისპირეთს დაუკავშიროს.
მინეკაევის განცხადებას რამდენიმე დღეში დნესტრისპირეთში, ტირასპოლთან ახლოს აფეთქებები მოჰყვა, რის შემდეგაც მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.