მომავალ კვირას ნეთანიაჰუ ერდოღანს თურქეთში შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მომავალ კვირას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება.

25 ივლისს ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ქვეყანას შარშან ეწვია, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი შემოდგომაზე ნიუ-იორკში შეხვდა ერდოღანს.

კონტექსტი

ნეთანიაჰუს და ერდოღანს წარსულში დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

2010 წლის მაისში ღაზას სექტორისკენ "ღაზას თავისუფლების ფლოტილია" გაემართა, რომელსაც ისრაელის საზღვაო ბლოკადა უნდა დაერღვია და ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება შეეტანა. ისრაელის ფლოტმა ფლოტილიის გემებზე რეიდი დაიწყო, აქტივისტებმა სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც 10 აქტივისტი დაიღუპა (8 თურქეთის მოქალაქე), 10 ებრაელი სამხედრო კი დაშავდა. ამ ინციდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაძაბა.

ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში ერდოღანს ბოდიში მოუხადა და დაღუპულების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობა დადო. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეიდს "სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა" და "სახელმწიფო ტერორიზმი" უწოდა და ისრაელი მკაცრად გააკრიტიკა.

2018 წლის აპრილში ღაზას საზღვართან ებრაელმა სამხედროებმა 16 პალესტინელი მოკლეს, რის შემდეგაც ერდოღანმა ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა. საპასუხოდ, ისრაელის პრემიერმა განაცხადა: "მსოფლიოში ყველაზე მორალურ არმიას მორალის შესახებ ლექციას ვერ წაუკითხავს ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას."

იმავე წლის ივლისში ისრაელის ქნესეთმა ეროვნული სახელმწიფოს შესახებ კანონი მიიღო, რომლითაც ისრაელი ებრაელების სახელმწიფოდ გამოცხადდა. საპასუხოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ "ეს კანონი იმის მტკიცებულებაა, რომ უდავოდ, ისრაელი არის ყველაზე სიონისტური, ფაშისტური და რასისტული სახელმწიფო მსოფლიოში. ისრაელის მთავრობის შეხედულება, რომ ეს უძველესი მიწები მხოლოდ ებრაელებს ეკუთვნოდათ, არ განსხვავდება ჰიტლერის არიული რასით გატაცებისგან."

ნეთანიაჰუმ მას სოციალურ ქსელში უპასუხა და თურქეთში ერდოღანის მმართველობას "ბნელი დიქტატურა" უწოდა.

"ერდოღანი ხოცავს სირიელებსა და ქურთებს და დააპატიმრა ათიათასობით მისი მოქალაქე. ის ფაქტი, რომ დიდი "დემოკრატი" ერდოღანი თავს ესხმის ეროვნული სახელმწიფოს კანონს, არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი ამ კანონისთვის." - თქვა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები