მორავიეცკი: ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს, რომ ევროპაში საუკუნოვანი მშვიდობა დამყარდეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, რუსეთის გამარჯვება უკრაინასთან სრულმასშტაბიან ომში ევროპისთვის სასიკვდილო საფრთხეა.
ამის შესახებ მან ვარშავაში Polska Wielki Projekt-ის (პოლონეთი დიდი პროექტია) კონგრესის მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა.
კონგრესთან მორავიეცკიმ ევროპის როლზე და მის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.
"დღეს ევროპისთვის არსებობს, უპირველეს ყოვლისა, ერთი მომაკვდინებელი საფრთხე - რუსეთის გამარჯვება, რომელიც არის ყველა იმ ღირებულების ანტიპოდი, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რუსეთს, რომელსაც სურს არა განვითარება, არამედ იმპერიული დაპყრობების ეპოქაში დაბრუნება, არ უნდა ახალი ტექნოლოგიები, მხოლოდ ძველი ტყუილები", - განაცხადა მან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა დასავლეთი, რომელსაც საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის აგრესიისას, ასევე რუსეთის მოსახლეობის მიმართ რეპრესიებისას "ეძინა."
"დასავლეთი განაგრძობდა ურთიერთობების სტაბილიზაციის სულელურ იმედში ცხოვრებას. როდესაც რუსეთი უკრაინის დაყოფისთვის ემზადებოდა, დასავლეთის მრავალი ქვეყანა აგრძელებდა მისთვის იარაღის მიყიდვას", - თვლის მორავიეცკი და აღნიშნავს, რომ სიტუაცია მხოლოდ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეიცვალა.
"ჩვენს წინაშე გაიხსნა ისტორიული შესაძლებლობა. უკრაინა აღადგენს თავის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას, პოლონეთი აღადგენს უსაფრთხოებას თავის საზღვრებზე და ევროპას ექნება საუკუნოვანი მშვიდობა, რომელსაც რუსული იმპერიალიზმისგან საფრთხე არ დაემუქრება", - თქვა მან.