ნიდერლანდების არჩევნებში ულტრამემარჯვენე, ანტი-ისლამურმა პარტიამ გაიმარჯვა
ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე პოპულისტები იმარჯვებენ. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ხერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე პოპულისტები პარლამენტში 150 ადგილიდან 35-ს მიიღებენ, ხოლო ლეიბორისტების და მწვანეების მემარცხენე ბლოკი - 26 მანდატს.
მესამე ადგილზეა ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში 23 მანდატს მოიპოვებს.
ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, 20 მანდატი მოიპოვა. ასევე, ნიდერლანდებში ფერმერთა პროტესტის ფონზე ჩამოყალიბებულმა ახალმა, ფერმერთა-მოქალაქეთა მოძრაობამ (BBB) 7 მანდატი მიიღო.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი ხანგრძლივი იქნება.
ვილდერსი მემარჯვენე-ცენტრისტებთან კოალციის შექმნას ეცდება
ჯერ კიდევ ხმის მიცემის დაწყებამდე, თავისუფლების პარტიის ლიდერმა ხერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მზად იყო მემარჯვენე-ცენტრისტულ VVD-სთან კოალიციური მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, VVD-ს ახალი ლიდერი, დილან იეშილგოზ-ზეგერიუსი, ქურთი ლტოლვილების ოჯახიდან, შეიძლება ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო.
ნიდერლანდებში წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები კლიმატის ცვლილება, ემიგრაცია და ფასების ზრდა იყო. თავისუფლების პარტია და სახალხო პარტია ერთდროულად საუბრობდნენ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე.
2023 წლის ივლისში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე გადადგა, რის გამოც ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. გადადგომის მიზეზი იყო რუტეს წინადადება ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ჰოლანდიის სამთავრობო კოალიციის ორმა პარტიამ.