ნორვეგიის მემარცხენე პარტიის ლიდერი სათვალის მოპარვის გამო გადადგა
ნორვეგიის მემარცხენე პარტია Rødt-ის ლიდერი ბიორნარ მოქსნესი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის პოსტს სათვალის ქურდობის სკანდალის შემდეგ ტოვებს. პოლიტიკოსმა მომხდარის გამო ბოდიში ივლისის დასაწყისში მოიხადა.
ამ ინფორმაციას NRK ავრცელებს.
გადადგომის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
"მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი მზის სათვალეების მოპარვაზე. უპირველეს ყოვლისა, არ მინდა, რომ ჩემმა შეცდომებმა გავლენა მოახდინოს ჩემთან ახლოს მყოფ ადამიანებზე. ერთია, როცა მესმის და სულ სხვაა, როცა ეს გავლენას ახდენს მათზე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს," - წერს პოლიტიკოსი.
მოქსნესმა აღნიშნა, რომ ქურდობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში მის ახლობლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. გადადგომის მეორე მიზეზად მან საკუთარი პარტიის დაცვის სურვილი დაასახელა.
ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ოსლოს აეროპორტში მზის სათვალის მოპარვისთვის მოქსნესი 3000 ნორვეგიული კრონით (დაახლოებით 270 ევრო) დააჯარიმეს.
"ეს სათვალე გარდემოენის მაღაზიიდან ავიღე. დიდი შეცდომა დავუშვი და კიდვ უფრო ცუდი იყო ის, თუ როგორ ვიქცეოდი ამის შემდეგ. ძალიან ვწუხვარ და მინდა ბოდიში მოვიხადო," - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მოქსნესი წერს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, როგორც Rødt-ისა და პარლამენტის წევრი.
პარტია Rødt (წითელი პარტია) ნორვეგიის პარლამენტში 8 დეპუტატით არის წარმოდგენილი. მოქსნესი მას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.