ორბანის თქმით, აუცილებელია უკრაინის კონტრშეტევის "ყველა საშუალებით" თავიდან აცილება

უნგრეთი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინის არმიის კონტრშეტევის თავიდან აცილება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 2 ივნისს, ადგილობრივი რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ომი უკრაინასა და რუს ოკუპანტებს შორის "ძალიან რთულ ფაზაში" შევიდა. ის თვლის, რომ შეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამჯერ მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე თავდაცვაში.

"სანამ უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და დავიწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობა გაცილებით დიდია, ვიდრე - უკრაინის, ასეთ პირობებში კი დიდი სამხედრო შეტევის დაწყება "სისხლიანი სასაკლაოა."

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე ორბანის სიტყვებს ევროპის მიზანმიმართული დამცირება და რუსეთის ტერორისტული ქმედებების გამართლება უწოდა.

"ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება… დროა უნგრეთმა გააცნობიეროს, რომ კონტრშეტევებით უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს და თავის ხალხს. და ეს სამართლიანი და აუცილებელია." - დაწერა მან.

პოდოლიაკმა ორბანს შესთავაზა, თუ მას ნამდვილად აწუხებს მსხვერპლი, დაურეკოს თავის "მეგობარ პუტინს" და სთხოვოს გაიყვანოს რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან.

"და მერე ომი დასრულდება. მეტი მსხვერპლი არ იქნება. მხოლოდ ოკუპანტის შეიარაღებული ძალებისა და აღჭურვილობის სრული გაყვანაა ომის დამთავრების აუცილებელი პირობა. ვინმეს გსმენიათ ასეთი მოწოდებები ორბანისგან?" - აცხადებს ის.

მსგავსი სიახლეები