პალესტინელებმა ნაბლუსის მახლობლად პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ოთხშაბათს პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ავტომობილს და ახლომდებარე მაღაზიას ოკუპირეული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთში, სამარიელთა თემში ცეცხლი გაუხსნეს. ამ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

სროლა ებრაულ დასახლება ჰარ ბრაჩასთან ახლოს მოხდა.  

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნა დაიწყეს.

სათვალთვალო კამერის კადრებზე ჩანს, რომ თეთრი Kia Picanto მაღაზიისა და პოლიციის მანქანასთან მიდის, საიდანაც ცეცხლს ხსნიან.

სხვა ვიდეოებზე ჩანს მაღაზიაში ჩამსხვრეული ფანჯარა. ასევე დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მანქანა.

შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა.

თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჯენინში სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.

კონტექსტი

3 ივლისს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში, ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ორმხრივ შეტაკებებში მინიმუმ 10 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 100 ადამიანი დაიჭრა.

2023 წლის დასაწყისიდან, 140-ზე მეტი პალესტინელი (მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე - რედ.) დაიღუპა ისრაელის არმიისა და დასავლეთ სანაპიროზე უკანონოდ მცხოვრები ახალმოსახლეების თავდასხმების შედეგად. კიდევ 36 პალესტინელი კი ღაზას სექტორში გარდაიცვალა.

დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების თავდასხმების შედეგად, წლის დასაწყისიდან ისრაელის 25 მოქალაქე, 2 უცხოელი და ერთი პალესტინელი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები