პაველ ჰავლიჩეკი: ჩნდება კითხვა, რა მიმართულებით მიდის საქართველო?
საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის მკვლევარი პაველ ჰავლიჩეკი, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე რეალპოლიტიკასთან საუბარში საუბრობს. მისი თქმით, ავტორიტარული დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდეს.
"ვფიქრობ, რომ ბოლო თვეებში ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე გადაკვეთა ე.წ. წითელი ხაზები, რაც წარსულში არ მომხდარა. ბატონ მელიას დაკავების კადრები დასავლეთში ბევრჯერ ნახეს. ამ კადრების ყურების დროს ვფიქრობდი, თუ რამდენად მორყეულია ქართული ინსტიტუტები, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რა მიმართულებით მიდის საქართველო? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს აღარ სურს დასავლეთში გაწევრიანება, რომ ქვეყანას აღარ სურს იყოს ჩართული არსებითი პარტნიორულ პროცესში ევროკავშირსა და აშშ-სთან? თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა - საქართველო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდება",- ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ჩეხი მკვლევარი.
ჰავლიჩეკის თქმით, დასავლეთის გარდა საქართველოსთვის მხოლოდ ერთი არჩევანი არსებობს და ეს რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმია.
"აქ მარტივი არჩევანია - ან საქართველო მიყვება დასავლურ სტანდარტებს, ნორმებსა და ფასეულობებს, რაც გვაერთიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ქართველები, ჩეხები, გერმანელები და ბრიტანელები ევროპელები ვართ. ამის საპირისპიროდ, საქართველო რუსულ მოდელის ავტორიტარიზმისკენ მიდის, რაც საყოველთაო კორუფციას, არჩევნების მანიპულაციას და პოლიტიკურ კონკურენტების დაპატიმრებას გულისხმობს. მელიას შემთხვევა არაფრით განსხვავდება ნავალნის საქმისგან",- მიიჩნევს პაველ ჰავლიჩეკი.
საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის მკვლევარის განცხადებით, ბოლო თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ევროკავშირის უპრეცედენტო ჩართულობამ კრიზისული ვითარების გადასაჭრელად, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტებმა, კიდევ ერთხელ გამოავლინა ევროკავშირის და დასავლეთის სურვილი, საქართველოსთან მჭიდრო პარტიონორობის. ჰავლიჩეკს მიაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.