პოლონეთი: უკრაინისთვის MиГ 29-ების კოალიცია შედგა, რაოდენობა მალე გასაჯაროვდება
უკრაინისთვის საბჭოთა გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე ევროპელი პარტნიორების კოალიცია შედგა, შემადგენლობა და გადასაცემი თვითმფრინავების რაოდენობა მალე გახდება ცნობილი.
ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქვეყნები შევლენ ამ კოალიციაში, მაგრამ ჩვენ ასევე, მოვილაპარაკეთ, რომ ისინი დამოუკიდებლად გამოაცხადებენ გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამის ვადებში და აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ",- განაცხადა მიულერმა.
აღნიშნული განცხადება უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების МиГ 29-ების გადაცემის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. გასულ დღეებში პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის უკრაინას საკუთარი გამანადგურებლები უახლოესი 4-6 კვირის პერიოდში გადასცეს.
თავის მხრივ უკვე დიდი ხანია მსგავს მზაობაზე საუბრობენ სლოვაკეთშიც - თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის თქმით, სლოვაკეთი მზად არის უკრაინას 10 საბჭოთა გამანადგურებელი გადასცეს.