რესპუბლიკელების პრაიმერში ტრამპი დესანტისს ამარცხებს - კვლევა
Emerson College-ის ახალი კვლევის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ რჩება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის მოპოვების ფავორიტად. ამის შესახებ The Hill წერს.
რესპუბლიკური პარტიის ჰიპოთეტურ პრაიმერში, სადაც 10 შესაძლო კანდიდატია, ტრამპი ხმების 55%-ს მიიღებდა, რაც 30%-ით მეტია მის უახლოს კონკურენტზე, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისზე.
ორნიშნა მხარდაჭერა არცერთი სხვა კანდიდატს არ აქვს.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხმების მხოლოდ 8%-ით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი - 5%.
დესანტისს ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, თუმცა ის აქტიურად ემზადება სავარაუდო კამპანიისთვის. აღსანიშნავია, რომ ადრე ჩატარებულ კვლევებში, მხოლოდ ორი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, დესანტისი ტრამპს ამარცხებდა. მაგრამ თუ პრაიმერში მონაწილეობას რამდენიმე კანდიდატი მიიღებს, ფლორიდის გუბერნატორის მხარდაჭერა შემცირდება.
გამოკითხვის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის ყველაზე დიდი მხარდამჭერთა ბაზა უმაღლესი განათლების არმქონე ამომრჩეველია. ამომრჩეველთა 72%, რომელთა განათლების უმაღლესი დონე საშუალო ან ნაკლებია, ამბობს, რომ ტრამპს უჭერს მხარს.
Emerson College Polling-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სპენსერ კიმბალმა აღნიშნა, რომ საპირისპიროდ, დესანტისს მაღალი მხარდაჭერა აქვს უმაღლესი განათლების მქონე და 65 წელზე უფროს რესპუბლიკელებში.
24-25 თებერვალს ჩატარებულ კვლევაში 1060 რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა. გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მისი ცდომილების ზღვარი +/-2.9%-ია.