რუსეთის ხელისუფლება ცდილობს პრიგოჟინის პოპულარობის ზრდა შეაჩეროს - ISW
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბრძოლა მოიგო. მან სოლედარისთვის ბრძოლებში დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის აღიარებას მიაღწია. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 13 იანვარს ოპერატიულ ანალიზში წერს.
სამხედრო ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრიგოჟინს სოლედარი, როგორც რუსეთში "ავტორიტეტის" ამაღლების ინსტრუმენტი სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა იქ "გამარჯვება", რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დაემტკიცებინა "ვაგნერის" უპირატესობა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიაზე.
"თავდაცვის სამინისტროს მიერ, საჯარო პროტესტის შემდეგ, "ვაგნერის" ძალების ხსენება, მიუთითებს პრიგოჟინის მნიშვნელოვან "გამარჯვებაზე", რაც გააძლიერებს მას, როგორც ამ ომის ფიგურანტს", - წერს ISW.
ამავდროულად, კრემლი, სავარაუდოდ, ძალისხმევას მიმართავს პრიგოჟინის ამბიციებთან დასაპირისპირებლად. ინსტიტუტის ცნობით, ის თავდაცვის სამინისტროს ერთგული სამხედრო ბლოგერების ჯგუფს ქმნის.
13 იანვარს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე სიდიაკინი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი "ერთიანი რუსეთიდან" არტემ ტუროვი და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელი" დენის პუშილინი შეხვდნენ რამდენიმე ბლოგერს და მათ მადლობის წერილები გადასცეს.
"ეს არის უახლესი ქმედება კრემლის მცდელობებიდან, რათა განავითაროს კავშირები შერჩეულ სამხედრო ბლოგერებთან, რომლებიც მზად არიან პოლიტიკური პრესტიჟის სანაცვლოდ გაიყიდონ." - წერს ინსტიტუტი.
10 იანვარს, ISW-მა დაწერა, რომ პრიგოჟინი სოლედარში ბრძოლებს "ვაგნერის" რეკლამირებისთვის იყენებდა და დაჟინებით მოითხოვდა მისი "განსაკუთრებული" როლის აღიარებას.