რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტების შემქმნელები "ღალატისთვის" დააკავეს
ნოვოსიბირსკის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის (ИТПМ) სამი მეცნიერი, რომლებიც ჰიპერბგერით საფრენ აპარატებზე მუშაობდნენ, რუსეთის უშიშროების სამსახურმა "ღალატის" ბრალდებით დააკავა.
ამის შესახებ The Moscow Times წერს.
16 მაისს, ИТПМ-ის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ღალატის ბრალდებით ვალერი ზვეგინცევის დაკავების შესახებ წერენ, რომელიც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და მთავარი მკვლევარია. მან ინსტიტუტში მაღალი სიჩქარის აეროგაზდინამიკის ლაბორატორია დააარსა.
7 აპრილიდან ზვეგინცევი შინაპატიმრობაში იმყოფება. მისი უშუალო ხელმძღვანელი, ИТПМ-ის დირექტორი ალექსანდრ შიპლიუკი, ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების ცენტრში გასული წლის აგვისტოში მოათავსეს, მთავარი მკვლევარის, ანატოლი მასლოვის დაკავებიდან რამდენიმე დღეში. ორივეს ბრალი ერთი და იგივე - რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, "ღალატის" ბრალდებით წაუყენეს. მასლოვი ეჭვმიტანილია ჰიპერბგერით ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მონაცემების ჩინეთისთვის გადაცემაში.
შიპლიუკი და მასლოვი 10 წელზე მეტია მუშაობენ ჰიპერბგერით რაკეტებზე. მათ ასეთი იარაღის ექსპერიმენტული დიზაინი ჯერ კიდევ 2012 წელს წარმოადგინეს საფრანგეთში გამართულ სამეცნიერო სემინარზე. ოთხი წლის შემდეგ გამოქვეყნდა ორი მეცნიერის მიერ ერთობლივად შექმნილი ნაშრომი, ჰიპერბგერითი სიჩქარით აეროდინამიკური კვლევის შესახებ.
საერთო ჯამში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალში, 16 ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის ყოფილი ხელმძღვანელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრ ასეევი.
ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვანტური ოპტიკური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 54 წლის დმიტრი კოლკერი, მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ФСБ-ს მიერ მისი დაკავებისთანავე გარდაიცვალა.