რუსეთში უკრაინაში დაღუპული საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი დაკრძალეს
2 ივნისს ყარაჩაევსკში რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი, კანამატ ბოტაშევი დაკრძალეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ყარაჩაის რაიონის ადმინისტრაცია და სახელმწიფო სააგენტო რია ნოვოსტი იტყობინება.
პროპაგანდისტული სააგენტო ბოტაშევზე წერს, რომ ის იყო "რუსეთის გმირი, ტუზი პილოტი, რომელიც გმირულად დაიღუპა უკრაინაში ოპერაციის დროს."
ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყარაჩაევსკის ცენტრალურ მოედანზე, გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს, აღევლინა ჯანაზას ლოცვა (ლოცვა სრულდება მუსლიმის ცხედრის დაკრძალვამდე).
ბოტაშევის გარდაცვალების გარემოებები ოფიციალურ განცხადებებში არ სახელდება.
24 მაისს BBC-ის რუსულმა სამსახურმა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ბოტაშევი SU-25-ის ჩამოვარდნის შედეგად, ლუგანსკის რეგიონში დაიღუპა.
ის 63 წლის იყო. რატომ მიიღო მონაწილეობა უკრაინაში ბრძოლებში პენსიაზე გასულმა პილოტმა, უცნობია.
რუსული მედიის ცნობით, ბოტაშევი უკრაინაში დაღუპული ყველაზე მაღალი რანგის რუსი პილოტია.