სადრის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ბაღდადის მწვანე ზონა დატოვეს

ერაყელი შიიტი სასულიერო ლიდერის, მუკთადა ას-სადრის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა ბაღდადის მწვანე ზონა დატოვეს.

გუშინ სადრმა თავის მიმდევრებს პროტესტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სადრის მხარდამჭერები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც გავლენიანმა სასულიერო ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

29 აგვისტოს დემონსტრანტებმა მთავრობის სასახლე დაარბიეს, რომელიც ბაღდადის სპეციალური უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს.

სადრისტების პრო-ირანულ დაჯგუფებასთან შეტაკებას ოცდაათზე მეტი ერაყელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 400-მდე კი დაიჭრა.

ერაყის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა.

შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად ერაყის უზენაესი სასამართლო მიმდინარე კვირაში სხდომას გამართავს, რომელზეც პარლამენტის დათხოვნის საკითხი განიხილება.

თუმცა, ერაყის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრებმა დათხოვნის გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.

 

კონტექსტი

გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში სადრის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და ყველაზე მსხვილი საპარლამენტო წარმომადგენლობა მოიპოვა.

თუმცა, ივნისში სადრის 73 დეპუტატმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო თავად სასულიერო ლიდერმა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სადრი ერაყული ნაციონალიზმის მიმდევრად მიიჩნევა. ის ქვეყანაში თეირანის გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ გამოდის.

პრო-ირანულ ბლოკში, რომელსაც სადრი უპირისპირდება, თეირანთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები შედიან. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი და გასამხედროებული დაჯგუფება ჰაშდ აშ-შა’ბი.

2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის პოლიტიკა სექტარიანული და ეთნიკური დაპირისპირებებით გამოირჩევა.

ბაღდადში ძალაუფლებას ერთმანეთს პრო-ირანული და ნაციონალისტური ძალები ეცილებიან.

პარალელურად, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას განაგრძობენ ქურთისტანის ავტონომიურ ოლქში.

მსგავსი სიახლეები