შიიტი სასულიერო ლიდერი ერაყელებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ერაყელმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა მუკთადა ას-სადრმა მხარდამჭერებს დემონსტრაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
უკვე ორი დღეა, რაც ბაღდადის მწვანე ზონაში შეტაკებები არ წყდება.
29 აგვისტოს ას-სადრის ასეულობით მხარდამჭერმა რესპუბლიკის სასახლე აიღო, სადაც ერაყის მთავრობა იკრიბება.
ერაყელების პროტესტი ას-სადრის განცხადებას მოჰყვა. გავლენიანმა სასულიერო ლიდერმა განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისის გამო პოლიტიკას ტოვებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა.
„ეს [დემონსტრაცია] რევოლუციური აღარ არის, რადგან მან მშვიდობიანი ხასიათი დაკარგა. ერაყელების სისხლი დაიღვარა“, - განაცხადა სადრმა სატელევიზიო მიმართვაში.
სადრის მიმდევრებსა და პრო-ირანულ დაჯგუფებას - კოორდინაციის ჩარჩოს - შორის შეტაკებებს 23 დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შიიტმა ლიდერმა მხარდამჭერებს პროტესტის შესაწყვეტად ერთი საათის ვადა მისცა.
სამშაბათს ირანმა ერაყთან სახმელეთო საზღვრის გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ, როცა მილიონობით ირანელი ერაყში ყოველწლიური პილიგრიმობისთვის ემზადება.
ერაყში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს გაერო.
„ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას“, - წერია გაეროს განცხადებაში.
კონტექსტი
გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში სადრის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და ყველაზე მსხვილი საპარლამენტო წარმომადგენლობა მოიპოვა.
თუმცა, ივნისში სადრის 73 დეპუტატმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო თავად სასულიერო ლიდერმა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
სადრი ერაყული ნაციონალიზმის მიმდევრად მიიჩნევა. ის ქვეყანაში თეირანის გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ გამოდის.
პრო-ირანულ ბლოკში, რომელსაც სადრი უპირისპირდება, თეირანთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები შედიან. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი და გასამხედროებული დაჯგუფება ჰაშდ აშ-შა’ბი.
2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის პოლიტიკა სექტარიანული და ეთნიკური დაპირისპირებებით გამოირჩევა.
ბაღდადში ძალაუფლებას ერთმანეთს პრო-ირანული და ნაციონალისტური ძალები ეცილებიან.
პარალელურად, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას განაგრძობენ ქურთისტანის ავტონომიურ ოლქში.