სახ. დეპი: სუდანში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა სერიოზული საფრთხეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სუდანში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას სერიოზულ საფრთხედ აფასებს და პროცესში ჩართულ კერძო პირებსა და კომპანიებს მკაცრი სანქციების დაწესებით ემუქრება.
State Of Play: ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომლის ტონიც ამოვარდნილია ტრამპის მეორე ადმინისტრაციისა და რუსეთის ურთიერთობების ბოლო თვეებში ჩამოყალიბებული განწყობისგან.
- "ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მათ შორის სუდანსაც, თავი აარიდონ ნებისმიერ გარიგებებს რუსეთის სამხედრო სექტორთან. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მათ შორის სანქციების დაწესება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციების, თუ კერძო პირების მიმართ"- განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა Fox News-თან ინტერვიუში.
- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზის ან "უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან ნებისმიერი თანამშრომლობა" ამ ქვეყნების იზოლაციას გაამწვავებს.
Big Picture: სუდანის სანაპიროზე საზღვაო ბაზის მშენებლობის განხილვა მხარეებმა 2017 წელს დაიწყეს, 2020 წელს შეთანხმების პროექტი გამოქვეყნდა.
- პროექტი ბაზაზე ერთდროულად მაქსიმუმ 300 რუსი სამხედრო ყოფნას მოიაზრებს, პორტ-სუდანში ერთდროულად განთავსებას რუსული ფლოტის მაქსიმუმ 4 გემი შეძლებს.
- სანაცვლოდ რუსეთი იღებდა ვალდებულებას მოემარაგებინა სუდანი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით - შეთანხმების ვადად 25 წელი განისაზღვრა, თუმცა ის ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული ამ ქვეყნების პარლამენტების მიერ.
Context: მიმდინარე წლის თებერვალში სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.
- პორტ-სუდანში უკვე ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები.