სამთავრობო კრიზისი გრძელდება - ლიბანის პრეზიდენტმა მთავრობა არ დაამტკიცა

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა კიდევ ერთხელ თქვა უარი საად ჰარირის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცებაზე. უარის შემდეგ ჰარირი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან გადადგა. 

"მე აღარ შევეცდები მთავრობის ფორმირებას, ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს",- განაცხადა ჰარირიმ აუნთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც 20 წუთი გაგრძელდა. 

ლიბანის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, საად ჰარირის მომხრეები ქუჩებში გამოვიდნენ, დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები და დაწვეს საბურავები. სამართალდამცველებმა აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 

პრეზიდენტის უარისა და ჰარირის გადადგომის შემდეგ ქვეყანამ პრემიერ-მინისტრობის ახალი სუნიტი კანდიდატი უნდა შეარჩიოს. ლიბანში მოქმედი ძალაუფლების სექტარიანული დაყოფის პრინციპის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი მარონიტი ქრისტიანი, პრემიერი სუნიტი მუსლიმი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შიიტი მუსლიმი უნდა იყოს. 

ჰარირის მიერ წარმოდგენილი მთავრობა 24 ტექნოკრატი კანდიდატისგან შედგებოდა, ჰარირის მთავრობა ფორმირებული იყო საფრანგეთის ინიციატივის მიხედვით, რომელსაც უნდა გაეტარებინა კრიტიკული რეფორმები რათა ქვეყანას დაბლოკილი საერთაშორისო ფინანსური დახმარება მიეღო. 

სავარაუდოა, რომ მიშელ აუნმა, რომელიც ლიბანში მოქმედი პრო-ირანული ჰეზბოლას მოკავშირედ მიიჩნევა, ჰარირის მთავრობა ირანის ზეწოლის გამო დაბლოკა.

__________________________

ლიბანში სამთავრობო კრიზისი გასულ წელს, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიწყო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ლიბანი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ამავე ორგანიზაციის შეფასებით ლიბანის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ქვეყანაში სამნიშნა ინფლაციაა, 50%-ს აღწევს უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი, ყოველდღიურად მძაფრდება პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტი და ენერგეტიკული კრიზისი. 

მსგავსი სიახლეები