საუდის არაბეთის მოქალაქეს ტვიტის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს - HRW
საუდის არაბეთმა 54 წლის პენსიაზე გასულ მასწავლებელს, მუჰამედ ალ-გამდის სოციალურ ქსელში პოსტის გამო სიკვდილი მიუსაჯა.
სასამართლომ ალ-გამდი დამნაშავედ ცნო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში Twitter-სა და YouTube-ზე მისი კრიტიკული პოზიციების გამო. ამ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch 29 აგვისტოს ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება საუდის არაბეთის სპეციალიზებულმა სისხლის სამართლის სასამართლომ 10 ივლისს მიიღო. როგორც ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთი, მან გამოიყენა მისი ტვიტები, რეტვიტები, ისევე როგორც მისი აქტივობა YouTube-ზე.
სასამართლოს თანახმად, ალ-გამდი დამნაშავეა "მეფისა და მეფისნაცვლის ისეთი ფორმით აღწერაში, რომელიც ძირს უთხრის რელიგიას და კანონს," კავშირშია ტერორისტულ ორგანიზაციასთან და აქვეყნებს სიყალბეს "ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით."
Human Rights Watch-მა სამეფოს მოუწოდა გააუქმოს განაჩენი, რომელიც ასახავს ქვეყანაში "გამოხატვის თავისუფლების მზარდ შეზღუდვას."
"საუდის არაბეთში რეპრესიებმა ახალ საშინელ ეტაპს მიაღწია, სადაც სასამართლოს შეუძლია უბრალო მშვიდობიანი ტვიტისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანოს," - თქვა ჯოი შიჰმა, HRW-ის ექსპერტმა საუდის არაბეთში.
მან ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა "უარყოს სამართლიანობის ეს პაროდია."