სერბეთის მთავრობა ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილებს 25 ევროს გადაუხდის
სერბეთის 16 წელზე უფროსი მოქალაქეები, რომლებიც 31 მაისამდე ვაქცინის ერთი დოზით მაინც აიცრებიან მთავრობისგან 25 ევროს მიიღებენ, რაც დაახლოებით 3 000 სერბული დინარის ეკვივალენტია. ამის შესახებ ტელეარხ PinkTV-ს ეთერში ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ფულადი წახალისების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაქცინაციის საკითხზე კონსულტაციები პრემიერმინისტრ, არნოი ბრნაბიჩთან გაიარა:
"ჩვენ ვფიქრობდით, როგორ დაგვეჯილდოვებინა მოქალაქეები, რომლებმაც პასუხისმგებლობა გამოიჩინეს",- აღნიშნა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ ნეგატიური ზომების მიღება არასწორია. სერბეთის მთავრობა გეგმავს მაისის ბოლოსთვის ერთჯერადად 3 მილიონი ადამიანი მაინც აცრას, რაც მათი აზრით ქვეყანაში კოლექტიურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.
თავად პრეზიდენტმა ვუჩიჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinopharm-ის აცრა აპრილის დასაწყისში გაიკეთა.
ჩინური ვაქცინის გარდა სერბეთის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზაცია მისცა Oxford-Astrazeneca-ს, Pfizer-Biontech-სა და რუსული წარმოების SputnikV-ს. აპრილის მონაცემებით ერთჯერადად აცრილია მილიონზე მეტი ადამიანი.
მარტში სერბეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უფასოდ აცრიდა ნებისმიერ უცხოელს, რის შემდეგაც ქვეყანაში ასაცრელად ათასობით ბოსნიელი, ხორვატი, ჩრდილო-მაკედონიელი, მონტენეგროელი და ალბანელი ჩავიდა.
მოგვიანებით სერბეთის ხელისუფლებამ "ტურისტული ვაქცინაციის" კამპანია შეაჩერა, პრიორიტეტად ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია გამოცხადდა.