სერბეთის ოპოზიცია საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

სერბეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მომხრეები ბელგრადის ქუჩებში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც გამარჯვება მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ შედეგები არ ასახავს მოქალაქეთა ნებას, შესაბამისად, ბელგრადის ასამბლეის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ. მმართველი ძალა კი ბრალდებებს უარყოფს და გამარჯვებას ზეიმობს.

17 დეკემბრის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგად, 250 წევრიან პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ალექსანდრ ვუჩიჩის კოალიცია - 128;

ოპოზიციური კოალიცია - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – 65;

„სერბეთის სოციალისტური პარტია“ + „გაერთიანებული სერბეთი“ + „სერბეთის მწვანეები“ – 18;

„ეროვნული დემოკრატიული ალტერნატივა - NADA” – 13;

„ჩვენ - ხალხის ხმა“ – 13;

„ვოევოდინელ უნგრელთა ალიანსი“ – 6;

სამართლიანობის და შერიგების პარტია“ + „ვოევოდინელი ხორვატების დემოკრატიული ალიანსი“ – 3;

„სანჯაყის დემოკრატიული ქმედების პარტია“ – 2;

„პრიშევოს ხეობის ალბანელთა კოალიცია“ – 1;

„რუსული პარტია“ + „იუგოსლავიის ახალი კომუნისტური პარტია“ – 1.

კონტექსტი

17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2023 წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებულ სროლებს ჯამში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, სახელწოდებით - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, მოიცვა.

განათლების მინისტრის, ბრანკო რუჟიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გაშიჩისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, ალექსანდარ ვულინის გადადგომას მოითხოვნით დაწყებული გამოსვლები, სერბეთის პრეზიდენტის, ალქსანდრ ვუჩიჩისა და მისი მოკავშირებიის მხირდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებაზე სასტიკი უარის მიღების შემდეგ, მასშტაბურ ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

„პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერ გაიმართა და ხუთივე შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება „პროგრესულმა პარტიამ“ მოახერხა.

2012 წელი - 58 მანდატი;

2014 წელი - 128 მანდატი;

2016 წელი - 93 მანდარტი;

2020 წელი - 157 მანდატი;

2022 წელი - 95 მანდატი.

ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მალევე აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძალაუფლების განვრცობისა და განმტკიცების მიზნით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლა, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრა, ოპონენტების დევნა, საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგება და ა.შ. დაიწყო, რის გამოც სერბეთი ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციამ მოიცვა.

2023 წლის ოქტომბერში 15 პრო-ევროპული და ანტი-კორუფციული პოლიტიკური გაერთიანება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „პროგრესული პარტიის“ დამარცხების მიზნით გაერთიანდა და ოპოზიციური კოალიცია შექმნა.

არჩვნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური კოალიციის „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ წევრები არიან: “დემოკრატიული პარტია - DS“, „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია - SSP“, „თავისუფალ მოქალაქეთა მოძრაობა - PSG“, „მწვანე - მემარცხენე ფრონტი - ZLF“, „ერთად - Zajedno“, „სერბეთის სახალხო მოძრაობა - NPS“, „თავისუფალ მოქალაქეთა მოძრაობა - PSG“, „ეკოლოგიური აჯანყება - EU“, “მოძრაობა შებრუნებისთვის - PZP“, „სერბეთის გაერთიანებული პროფკავშირები - USS Sloga“, „სამშობლო“, „მოძრაობა თავისუფალი სერბეთისთვის - PSS“, „სერბეთის ახალი სახე - NLS“, „სერბეთის ცენტრი - SRCE“, „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია - GDP“, „რუმინელთა პარტია - PR“ და „პროგრესული ვოევოდინას ქმედება - APV“.

შეფასებები

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნები „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო“, თუმცა „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".

ბელგრადის მერობის ოპოზიციური კანდიდატის, ვლადიმირ ობრადოვიჩის თქმით, არჩევნები, კამპანიის დაწყების დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ყველა ასპექტში უსამართლო იყო.

„ბელგრადის ასამბლეის არჩევნების შედეგები არ გამოხატავს დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკურ ნებას, შესაბამისად ჩვენ მას ვერ მივიღებთ“, - ვლადიმირ ობრადოვიჩი.

გრაცის უნივერსიტეტში არსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სწავლებების ცენტრის დირექტორი, ფლორიან ბიბერი აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერის კენჭისყრაში დარღვევები უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში.

„წარსულში იყო მანიპულაციის შემთხვევები, მაგრამ ახლა უფრო სერიოზულია. ვფიქრობ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ არჩევნებს „პროგრესული“ პარტია მოიგებდა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ისინი გასული წლის შედეგს ასეთი სხვაობით გააუმჯობესებდნენ“, - ფლორიან ბიბერი.

„კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრის პროგრამის დირექტორი, რასა ნედელიკოვი აცხადებს, რომ 17 დეკემბრის არჩევნების მიმდინარეობისას CRTA-მ ანტიკორუფციულ სააგენტოში, ელექტრონული მედიის მარეგულირებელ ორგანოში და სხვა ინსტიტუტებში, ბევრად უფრო მეტი საჩივარი შეიტანა, ვიდრე გასულ წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში - "ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თუ რამდენად დრამატულია ყველაფერი ადრინდელთან შედარებით". 

 

 

მსგავსი სიახლეები