ეუთო: სერბეთის უკანასკნელი არჩევნები „არასამართლიან პირობებში“ ჩატარდა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ანგარიშის თანახმად, სერბეთის უკანასკნელი არჩევნები, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიმართა, „არასამართლიან პირობებში“ ჩატარდა. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კენჭისყრა გამოირჩეოდა: „მკაცრი რიტორიკით, მმართველი პარტიის სისტემური უპირატესობით, მედია საშუალებების მიკერძოებულობით, საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლითა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით“.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების ჩაყრის ფაქტები. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესი იყო „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ახალი ანგარიშიდან ამონარიდების ციტირებით, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები და მედია საშუალებები „ცრუ ნარატივის“ შექმნაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები სერბეთში გასული წლის დეკემბერში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს ხმების გაყალბების ფაქტზე დამოუკიდებელი საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოძიების დაწყებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ბელგრადი ბრიუსელთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს და დადასტურდება რომ ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობდა ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ფინანსური დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგმო. ასევე, სერბეთის ოპიზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპარლამენტში მისვლისთვის გააკრიტიკა და აღნიშნული რეზოლუციის ლობირებაში დაადანაშაულა.

„მე არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად სკანდალურია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია“, - ანა ბრნაბიჩი.

სერბეთის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური იყო და შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას არასდროს დაუშვებს, რადგან ეს სერბეთის სუვერენიტეტის გაუქმების ტოლფასი იქნება.

კონტექსტი

სერბეთში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარდა, რომლის შედეგადაც, „პროგრესულმა პარტიამ“ 250 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 128 მანდატი მოიპოვა.

„პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 17 დეკემბრის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, სერბეთის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. დემონსტრანტების განცხადებით, მმართველმა პარტიამ „ხმები მოიპარა“ და შედეგები სერბეთის მოქალაქეთა პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.

მსგავსი სიახლეები