სირსკი: მტერმა სოლედარის შტურმი სცადა, მაგრამ მორიგ ჯერზე უკან დაიხია
უკრაინის სახმელეთო ჯარები მეთაურის თქმით, სოლედარის მიმართულებით ოკუპანტებმა დამატებითი ძალები გადაისროლეს და უკვე რამდენიმე დღეა ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ, თუმცა წარმატება არ აქვთ.
"მტერს ჰქონდა კიდევ ერთი განწირული მცდელობა ქალაქის შტურმის, სხვადასხვა მიმართულებით, მათ ბრძოლაში ჩართეს ვაგნერელების ყველაზე პროფესიონალური დანაყოფები. ჩვენი მებრძოლების სიმამაცისა და ეფექტური მოქმედების ფონზე ვაგნერელებმა განიცადეს მძიმე დანაკარგები და მორიგ ჯერზე უკან დაიხიეს",- ამბობს სირსკი.
ოლექსანდრ სირსკიმ ბახმუტთან და სოლედართან უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ზღუდეები გუშინ, 8 იანვარს მოინახულა, მან ადგილზევე გასცა შესაბამისი განკარგულებები.
კონტექსტი
6 იანვრიდან მოყოლებული რუსულ სამხედრო და ურა-პატრიოტულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტებმა სოლედართა ЗСУ-ს თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგნერის ბოევიკებმა ქალაქის ცენტრისკენ წაიწიეს და ქარხანა Артемсоль-ის დაკავებაც შეძლეს.
უკრაინის გენერალური შტაბი სოლედართან ფრონტის ხაზის გარღვევას ამ დრომდე უარყოფს, თუმცა აღიარებდნენ, რომ ბახმუტთან საომარი მოქმედებების ინტენსივობის საგრძნობი შემცირების შემდეგ, ოკუპანტები ძირითადად სოლედარის მიმართულებაზე გადაერთნენ.
რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal წერდა, რომ სოლედარზე გადართვა ბახმუტთან ЗСУ-ს წარმატებული თავდაცვის შედეგია.
სოლედარში მძიმე ბრძოლების შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმაც. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სოლედართან რუსული დანაყოფები უმძიმეს დანაკარგებს განიცდიან.