სომხეთი და აზერბაიჯანი ვაშინგტონში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ
სომხეთი და აზერბაიჯანი კვირას ვაშინგტონში მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ, რათა ურთიერთობების ნორმალიზება სცადონ.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
"30 აპრილიდან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იქნება. დაგეგმილია მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმებაზე", - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა.
აზერბაიჯანი შეხვედრას ოფიციალურად არ ადასტურებს.
მთიანი რეგიონი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნაწილია, მაგრამ ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.
მრავალწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც გადაწყვეტს გადაუჭრელ საკითხებს, როგორიცაა საზღვრის დემარკაცია და ტყვეების დაბრუნება.
გასულ კვირას აზერბაიჯანმა ახალი საგუშაგო დაამონტაჟა ყარაბაღის გზაზე, ლაჩინის დერეფანში, რასაც სომხეთმა 2020 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევა უწოდა.
კვირის დასაწყისში, ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეშფოთება გამოხატა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე, ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული საგუშაგოს გამოჩენის გამო.
18 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ერევნის მზადყოფნას დადოს სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებით, რაც პრაქტიკაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს ნიშნავს.