თურქეთის ახალი ფინანსთა მინისტრი "რაციონალურ" ეკონომიკურ პოლიტიკას აანონსებს
თურქეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა, მეჰმედ შიმშეკმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას მოუწევს დრამატულად შეცვალოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა, რათა ინფლაცია შემცირდეს, როგორც ამას გამოცემა Politico იუწყება.
"რაციონალურ საფუძველთან დაბრუნების გარდა, თურქეთს სხვა არჩევანი არ აქვს," - თქვა შიმშეკმა, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობა მთავარი პრიორიტეტი იქნება.
"საშუალოვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის ერთნიშნა ნიშნულამდე შემცირებას, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება."
თურქეთში სამომხმარებლო ფასები ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. გასული წლის ოქტომბერში, ინფლაციამ ბოლო 24 წლის მაქსიმუმს - 85.5%-ს მიაღწია.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. ინფლაცია თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
მესამე ვადით გამარჯვების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შაბათს, შიმშეკი ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დანიშნა.
შიმშეკი Merrill Lynch-ის ყოფილი ეკონომისტია. ის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პროცესს ხელმძღვანელობდა და მისი დანიშნვნა, ანალიტიკოსებმა, თურქეთის ხელისუფლების მიერ "კონვენციურ" ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაბრუნების სიგანალად აღიქვეს.
წარსულში, ერდოღანმა ბევრჯერ თქვა უარი ინფლაციასთან საბრძოლველად საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე, რასაც "არაისლამური" უწოდა.