უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკზე - ბოლო ცნობები

6 აგვისტოს, დილის 8 საათიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კოლონამ კურსკის ოლქთან რუსეთის სახელმწიფო საზღვარი გაარღვია. სახმელეთო იერიშს წინ უძღოდა მრავალსაათიანი საჰაერო დარტყმები. 

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ კურსკის ოლქის სუჯანსკის და კორენევსკის რაიონებში შეღწევას, შემდეგ კი კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე ჯავშანტექნიკის გამოყენებით „შეტევა სცადა“ უკრაინელების დივერსიულმა ჯგუფმა, 300 სამხედროს და რამდენიმე ათეული სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკით

მალევე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც, ამერიკული Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები სამკუთხედის სიმბოლოთი, რომლებიც უკრაინული დასახლებული პუნქტი ჟურავკიდან კურსის ოლქისკენ, ნიკოლაევო-დარიინკოს დასახლებული პუნქტისკენ მიემართებოდნენ.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმაც, რის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსეთის საზღვართან "შეიარაღებულ პროვოკაციას" აქვს ადგილი და, რომ, მათ სახელმწიფო [რუსეთის] საზღვრის გარღვევა ვერ შეძლეს.

მალევე, რუსი Z-ბლოგერები 20 უკრაინელი სამხედროს სიკვდილზე და 50 დაჭრილზე ავრცელებდნენ ცნობას. მათი ცნობებით, ФСБ-ს სასაზღვრო ძალებმა შეძლეს უკრაინელების შეკავება.

უკვე 19:20-ზე განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს. მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოქმედებს 22-ე მექანიზებული ბრიგადა, 82-ე საჰაერო-მოიერიშე ბრიგადის ელემენტები, ამერიკული Stryker-ის ტიპის 20 შეჯავშნული საბრძოლო მანქანებით და 11 ტანკით. განცხადებასთან ერთად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვიდეო-მასალასაც აქვეყნებს. მათი მტკიცებით, აღნიშნულ ვიდეოზე ასახულია უკრაინული სამხედრო ტექნიკის უკან დახევა.

თუმცა, მალევე ირკვევა, რომ აღნიშნულ ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ მიემართება უკრაინელების სამხედრო კოლონა, Stryker-ის ტიპის შეჯავშნული საბრძოლო მანქანებით, რუსეთის საზღვრისკენ, რის შემდეგაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება დაარედაქტირა და შეტყობინებიდან გაქრა ფრაზა უკრაინული დანაყოფების უკან დახევის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდე-მასალა, რის მიხედვითაც, Stryker-ის ტიპის შეჯვშნული საბრძოლო მანქანები, სწორედ, რუსეთის საზღვრისკენ მიემართებიან.

მოგვიანებით, რუსული Z-ბლოგერების არხებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია უკრაინის შეიარაღებული ძალების Buk M1-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის განადგურება.

აღნიშნულ სამხედრო ოპერაციაში Buk M1-ის გამოჩენა მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინელების მხრიდან მოქმედებს სრულფასოვანი სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც ტანკებს და შეჯავშნულ საბრძოლო მანქანებს რუსული თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად იყენებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საცეცხლე მხარდაჭერას არტილერია, ხოლო, საჰაერო თავდაცვას საზენიტო სარაკეტო სისტემები უზრუნველყოფენ.

გავრცელდა რუსი მესაზღვრეების ტყვედ ჩავარდნის ვიდეოც. გეოლოკაციის დადგენის შემდეგ ირკვევა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, კურსკის ოლქში, არა მხოლოდ ნიკოლაევო-დარიინოს მიმართულებით შეიჭრნენ, არამედ, ოლეშინოს მიმართულებითაც.

საზღვრის გარღვევიდან მალევე, რუსი Z-ბლოგერები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია წყვილში მოქმედი Su-25-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი, რომლებიც ქალაქი სუჯანსკის თავზე ფრინავენ და მიემართებიან რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, იქ, სადაც უკრაინელებმა მძიმე ტექნიკით გარღვევა შეძლეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია და, შემდგომ ფოტო-მასალაც, სადაც ჩამოვარდნილი რუსული Ka-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენია ნაჩვენები. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სამხედრო ოპერაციაში უკრაინელებს არაერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აქვთ ჩართული (თუმცა, შესაძლებელია, ცალკეული დანაყოფები გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებითაც იყვნენ შეიარაღებულნი).

Ka-52-ის ჩამოვარდნასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია რუსული Mi-8 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენის ჩამოგდების შესახებაც.

მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რაზეც, მორიგი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებაა ასახული. ვიდეოს მიხედვით, რუსული Mi-28-ის ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენს უკრაინელები FPV დრონის საშუალებით აგდებენ.

შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორიული წინსვლის შესახებ ცნობები მხოლოდ 7 აგვისტოს გავრცელდა.

7 აგვისტოს, 16:00 საათის მდგომარეობით, დადასტურებულად ცნობილია, რომ რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 10-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

რუსი Z-ბლოგერების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქ სუჯანსკიში არსებული გაზის-გამანაწილებელი ყველაზე დიდი სადგური დაიკავეს - ეს არის ერთადერთი გამანაწილებელი სადგური, რომლის გავლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროპაში ექპორტირდება. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია რკინიგზის სადგურის კონტროლის შესახებაც. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, რაიონული ცენტრი სუჯანსკი ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ალყაშია (რაც, ქალაქი 3 მხრიდან ბლოგირებას გულისხმობს).

 

უკრაინული Telegram არხები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების და ნაღმების გამწმენდი მანქანების გადაადგილება (აქაც, სამხედრო ტექნიკაზე სამკუთხედის ნიშნებია დატანილი). თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით მიემართებიან ისინი.

 

16:00 საათის მიხედვით, აღნიშნული რუკა წარმოადგენს კურსკის ოლქში უკრაინის სახმელეთო ოპერაციის შედეგად მიღწეულ ტერიტორიულ წინსვლასა და სავარაუდო მიმართულებებს.

 

 


შენიშვნა

რუსეთის კურსკის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით უამრავი მასალა ვრცელდება, რომლებიც გადამოწმებას და დაზუსტებას მოითხოვს.

მასალა განახლებადია...


 

მსგავსი სიახლეები