ვიშეგრადის ქვეყნები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ

ევროპის კავშირის ექვსი სახელმწიფოს, მათ შორის ვიშეგრადის ქვეყნების, შინაგან საქმეთა მინისტრები არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საზღვრების დაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. 

უნგრეთის ქალაქ სეგედში გამართულ სამიტში ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის გარდა, ავსტრიისა და გერმანიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუშანის განცხადებით, მიგრაცია ევროპის სახელმწიფოების „საერთო გამოწვევაა“ და პრობლემის გადასაჭრელად ევროპულ გაერთიანებაში არალეგალი მიგრანტების შესვლის თავიდან აცილებაა საჭირო. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერების მიერ შენგენის ზონის შიდა საზღვრების შემოწმების აღდგენა პრობლემას ვერ მოაგვარებს და ძირითადი აქცენტი ევროპის კავშირის გარე საზღვრების დაცვაზე უნდა გაკეთდეს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროპის კავშირის 13-მა სახელმწიფომ მეზობელ ქვეყანასთან/ქვეყნებთან შიდა საზღვრის კონტროლი აღადგინა.

ოქტომბერში ბრატისლავამ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, უნგრეთ-სლოვაკეთის საზღვარზე შემოწმებები განაახლა. იქამდე კი სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი ჩეხეთმა, ავსტრიამ და პოლონეთმა დააწესეს.

სამიტზე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შანდორ პინტერმა განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები მომავალ კვირას ბრიუსელში მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ იმსჯელებენ. ასევე, ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ევროპის კავშირთან კომპრომისზე წასვლას და მიგრანტების ევროპული გაერთიანების მასშტაბით გადანაწილების მხარდაჭერას.

„უნგრეთი არ დათანხმდება მიგრანტების გადანაწილების სავალდებულო ბუნებას. ეს უნგრეთის სუვერენიტეტის საკითხია“, - შანდორ პინტერი.

 

 

მსგავსი სიახლეები