ვოლოდინი: მალე 'ნაცისტებს' ტრიბუნალზე გავასამართლებთ
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის თქმით, "უკრაინელ ნაცისტების" ტრიბუნალი საჯარო და ღია უნდა იყოს.
ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
"მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სხდომები საჯარო იყოს, ამას ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა ყველა ელოდება, მას ტრიბუნალი მიუღებლად მიაჩნია და მეტიც, ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას რუსეთთან მოლაპარაკებებში უკანასკნელ წითელ ხაზად ასახელებს",- წერს დუმის სპიკერი.
მაღალი ალბათობით, ვოლოდინი "ნაცისტებში" აზოვის ბატალიონის ტყვედ აყვანილ მებრძოლებს გულისხმობს, რომლებიც რუსეთის არმიას ტყვედ მარიუპოლში აზოვსტალის მეტალურგიულ კომბინატში რამდენიმე კვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ ჩაბარდნენ.
აზოველების გასამართლებაზე რუსეთში ბევრს საუბრობენ, სხვადასხვა ცნობების მიხედვით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საჩვენებელი სასამართლო პროცესზე გასამართლებას გეგმავს.
ამ თემაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი მებრძლების გასამართლება საბოლოოდ დაასამარებს რუსეთთან მოლაპარაკებებს და უკრაინა პროცესს საბოლოოდ გამოეთიშება.