ზელენსკი: აზოვის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან სამხედრო ტყვეების მორიგ გაცვლას გამოეხმაურა, რომელის ფარგლებშიც უკრაინამ 215 მებრძოლი დაიბრუნა, მათ შორისაა აზოვის ბატალიონის 5 მეთაურიც. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმება აზოვის მეთაურების გაცვლასთან დაკავშირებით თურქთის პრეზიდენტის შუამავლობით შედგა და ომის დასრულებამდე ბატალიონის ლიდერები თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. 

ზელენსკის თქმით, ამგვარი იყო გაცვლის პირობები და აზოვის მებრძოლები თურქეთში უზრუნველყოფილები იქნებიან ღირსეული პირობებით. 

აზოვსტალის მცველების სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს პრორუსი ოლიგარქი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა. 

გაცვლის შედეგად სამშობლოში დაბრუნდა უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის კაპიტანი, სერგეი ვალინსკი, რომელიც აზოვსტალის ინდუსტრიულ ზონას მარიუპოლში აზოვის ბატალიონის მებრძოლებთან ერთად იცავდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით სამხედრო ტყვების გაცვლის შედეგად უკრაინამ 215 მებრძოლი დაიბრუნა

ერმაკის თქმით ვიქტორ მედვედჩუკის სანაცვლოდ უკრაინამ 200 მებრძოლი დაიბრუნა, ხოლო აზოვის 5 მეთაურის სანაცვლოდ 55 რუსი ტყვე გაათავისუფლა.

კონტექსტი

ვიქტორ მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, არსებული ცნობებით ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკი უმცროსი ქალიშვილის ნათლია. 

ომის დაწყებამდე მედვედჩუკი ქვეყნის უმსხვილეს პრორუსულ პარტიას ხელმძღვანელობდა. გასულ წელს უკრაინის პროკურატურამ მედვედჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმე გახსნა. 

ომის დაწყების მომენტში მედვედჩუკი შინა პატიმრობას იხდიდა და მოსამართლის განჩინების დარღვევით 24 თებერვალს სახლიდან გაუჩინარდა. 

მედვედჩუკი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აპრილში დააპატიმრეს. 

 

მსგავსი სიახლეები