ზელენსკი: კონსტიტუციით ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ პეტიციას გამოეხმაურა. მისი პასუხი სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.

პრეზიდენტმა აქტიური მოქალაქეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას.

"თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული საზოგადოების დონე, სხვა საკითხებთან ერთად, იზომება სახელმწიფოს პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას. თითოეული მოქალაქე სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მას აქვს ყველა უფლება და თავისუფლება, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

საპასუხოდ მან მიუთითა უკრაინის საოჯახო კანონმდებლობაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

ომის პირობებში უკრაინის კონსტიტუცია ვერ შეიცვლება, განაცხადა პრეზიდენტმა.

"ამავდროულად, მთავრობა განიხილავდა გადაწყვეტილების ვარიანტებს უკრაინაში რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დამკვიდრებისა და უზრუნველყოფის სამუშაოების ნაწილი. უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით, მე ვთხოვე უკრაინის პრემიერ-მინისტრს განიხილოს ელექტრონული პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და აცნობოს შესაბამისი შედეგების შესახებ", - დასძინა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები