გასული წლის ნოემბერში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული პოლიტიკური კონფრონტაციის გადაწყვეტას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ვითარება დრამატულად მას შემდეგ შეიცვალა, რაც პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩაერთო. საქართველოში ვიზიტი და მედიაციაში მისი მოულოდნელი მონაწილეობა, ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, თუმცა, თუკი მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას გადავხედავთ, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი გასაკვირი სულაც არ გახლავთ.
ადრეული პოლიტიკური კარიერა
შარლ მიშელის პოლიტიკური კარიერა თინეიჯერობის პერიოდიდან იწყება, რაც გასაკვირი ნაკლებად უნდა იყოს, რადგანაც მამამისი - ლუი მიშელი, წარსულში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკომისიონერის პოსტებზე მუშაობდა, ხოლო 2019 წლამდე, ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, შარლ მიშელის ძმა - მეთიუ მიშელი, 2020 წლიდან ბელგიის სახელმწიფო მდივნისა და ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს.
თავად შარლ მიშელის ადრეული პოლიტიკა 1992 წლიდან იწყება და ბელგიის ერთ-ერთ რეგიონს, ვალონიას უკავშირდება. 16 წლის ასაკში, იგი ახალგაზრდა ლიბერალ-რეფორმერების გაერთიანების პრეზიდენტი გახდა, რასაც ორ წელიწადში, არჩევნებში მონაწილეობა და ვალონიის ერთ-ერთი პროვინციის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წევრობა მოჰყვა.
1999 წელს მან კიდევ ერთ რეგიონალურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი პალატის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი (23 წლის) გახდა.
შარლ მიშელის კიდევ ერთი და უფრო მნიშვნელოვანი წარმატება 2000 წლით თარიღდება, როდესაც 24 წლის ასაკში, ვალონიის საშინაო საქმეთა მინისტრი გახდა. მასზე ახალგაზრდა რეგიონალური მინისტრი ბელგიის ისტორიაში არავინ ყოფილა.
შარლ მიშელის მამას ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა აქვს გავლილი
მინისტრობის პერიოდში, მას პროვინციებში აქტიური რეფორმების გატარება სურდა, რაც პირველ რიგში, მუნიციპალურ კანონის შეცვლაში, სამოქალაქო სერვისებისა და მუნიციპალური ფონდების გარდაქმნაში გამოიხატებოდა, მაგრამ ეს გეგმა დიდწილად ვერ განხორციელდა, რისი მიზეზიც რეგიონალური მთავრობის სოციალისტ მეთაური აღმოჩნდა, რომელთანაც შარლ მიშელს კონფრონტაციული ურთიერთობა ჰქონდა.
2004 წელს, მას შემდეგ რაც შარლ მიშელმა მინისტრის პოსტი დატოვა, ბევრი ფიქრობდა, რომ იგი საკუთარი პარტიის - ბელგიის “რეფორმისტების მოძრაობის” (MR) ლიდერობას მოისურვებდა და ამით მამამისის პოლიტიკური მემკვიდრე გახდებოდა, რომელიც ამავე პერიოდში, პარტიის ლიდერობას გამოემშვიდობა და ევროკომისარად განაგრძო მუშაობა. თუმცა, შარლ მიშელმა ეს გზა არ არჩია, რადგანაც თავს საკმარისად ძლიერად არ გრძნობდა და მის მთავარ მეტოქესთან დაპირისპირებას თავი აარიდა.
შარლ მიშელი 2000-იანი წლების დასაწყისში
თავმჯდომარეობაზე უარის თქმის მიუხედავად, შარლ მიშელი რეფორმისტების პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო, რასაც 2006 წელს, ქალაქ ვავრის არჩევნებში, მისი პარტიის გამარჯვება მოჰყვა, რის შემდეგაც მიშელი ქალაქის მერი გახდა.
დიდ პოლიტიკაში გამოჩენა
2007 წელს, გი ფერჰოფშტადტის მთავრობაში შარლ მიშელი განვითარების კოოპერაციის მინისტრი გახდა. 2009 წელს, ბელგიის რეგიონულ არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო, მან მისი პარტიის წევრების ჯგუფთან ერთად რეფორმისტული მოძრაობის ლიდერის, დიდიე რეინდერსის გადადგომა მოითხოვა. საბოლოოდ ჯამში, რეინდერსი 2010 წელს, ბელგიის ფედერალურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა, რის შემდეგაც მიშელმა მინისტრის პოსტი დატოვა და პარტიის ლიდერი გახდა.
როგორ გახდა მეხუთე ადგილზე გასული შარლ მიშელი პრემიერი?
2014 წლის 25 მაისს ბელგიაში ფედერალური და რეგიონულ არჩევნები ერთდროულად ჩატარდა, სადაც მოქმედი პრემიერი, ელიო დი რუპო დამარცხდა. მისი მთავრობა სამი პარტიისგან შედგებოდა: ფლამანდრიული და ფრანგულენოვანი ქრისტიან დემოკრატები, ლიბერალები და სოციალისტები.
მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის “რეფორმისტული პარტია” მეხუთე ადგილზე გავიდა, მან შეძლო ძალიან რთული და ბარიერებით სავსე პოლიტიკური სიტუაციის გარღვევა, ისარგებლა შექმნილი ვაკუუმით და მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია ჩამოაყალიბა, რომლის ლიდერიც თავად გახდა. შარლ მიშელთან ერთად, კოალიციაში შედიოდნენ ფლანდრიელი ნაციონალისტები, ფლანდრიელი ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალური პარტიები.
მთავრობის დაკომპლექტების პროცესი შემდეგნაირად წარიმართა: თავდაპირველად, კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებები არა მიშელმა, არამედ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის, “ახალი ფლანდრიული ალიანსის” ლიდერმა, ბარტ დე ვევერმა დაიწყო. თუმცა, მან ერთი თვის განმავლობაში, კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა, რისი მიზეზიც, ფრანგულენოვან პარტიებთან “ნდობის არარსებობის” აღმოჩნდა.
2014 წლის 27 ივნისს ბელგიის მეფემ ძირითადი პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა. შემდეგ კი კოალიციის ფორმირება არჩევნებში ხმების რაოდენობით მეხუთე ადგილზე (9.64%) და მანდატების რაოდენობით მესამე ადგილზე (20/150) გასული პარტიის, “რეფორმისტული მოძრაობის” ლიდერს, შარლ მიშელს დაეკისრა, რომელსაც მოლაპარაკებების პროცესში მრავალი წინაღობა შეხვდა.
პირველი პრობლემური საკითხი სოციალისტური პარტიას უკავშირდებოდა, რომელიც ბელგიის ყველაზე დიდი ფრანგულენოვანი პარტიაა. მათ წინა კოალიციის შენარჩუნება სურდათ, თუმცა ეს სცენარი მიუღებელი აღმოჩნდა ფლანდრიული მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებით გადაილახა.
კიდევ ერთი მძიმე საკითხი ევროკომისიაში წარსადგენ კანდიდატს უკავშირდებოდა. ბელგიის ერთ-ერთი რეგიონის, ფლანდრიის “ქრისტიან-დემოკრატიულ” პარტიას, რომელთანაც შარლ მიშელს კოალიციური პარტნიორობა ჰქონდა დაგეგმილი, აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის გაყვანა სურდა, რაც სხვა პარტიებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ შესაძლო კოალიციურ ფორმატში, “ქრისტიან-დემოკრატებს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდათ მიღებული და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მათი ლიდერი, კრის პეეტერსი უნდა დასახელებულიყო. სწორად ამიტომ, მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოსტის დათმობა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს არ სურდათ.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პარტიები შეთანხმდნენ, რომ ფლანდრიელ ქრისტიან-დემოკრატებს ევროკომისრის პოზიცია დარჩებოდათ, ხოლო პრემიერის კანდიდატურა ლიბერალური ფრთიდან, რეფორმისტებიდან ან “ღია ფლანდრიელი ლიბერალ-დემოკრატებიდან” იქნებოდა წარდგენილი.
საბოლოოდ, შეთანხმება შარლ მიშელზე მოხდა. ამავდროულად, მისი პარტია მინისტრების ნახევარს მიიღებდა, რადგან კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ მთავრობაში ჰოლანდიურად და ფრანგულად მოსაუბრეთა ნაწილი თანაბარი იყოს. მიშელის პარტია კი ერთადერთი ფრანგულენოვანი პარტია იყო აღნიშნულ კოალიციაში.
შარლ მიშელი ბელგიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი იყო
5 თვიანი დისკუსიების შემდეგ, მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია შედგა, რომელშიც 4 პარტია შევიდა. მიშელის რეფორმისტები, ფლანდრიელი ქრისტიან-დემოკრატები, ღია ფლანდრიელი ლიბერალ-დემოკრატები და ახალი ფლანდრიული ალიანსი. ეს იყო 26 წლის განმავლობაში პირველი კოალიცია, რომელშიც სოციალისტური პარტია არ შედიოდა.
მოლაპარაკებები 7 ოქტომბერს საბოლოოდ დასრულდა და შარლ მიშელი ბელგიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.
მიშელის მთავრობა - გადასახადების შემცირება და თავდაცვის გაძლიერება
მიშელის მთავრობის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი ქამრების შემოჭერის პოლიტიკა იყო. კოალიციის მიზანი იყო ბიზნესისთვის კონკურენციისა და სამუშაო ადგილების შექმნის მეტი საშუალება მიეცათ.
მიშელის მთავრობის მიერ დაანონსებული ლიბერალური რეფორმები პროფკავშირების და მემარცხენე ჯგუფების პროტესტის მიზეზი გახდა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ბელგია გაფიცვებმა მოიცვა. გარდა ამისა, მიშელის მთავრობამ 2025 წლისთვის საპენსიო ასაკის 65-დან 66 წლამდე, ხოლო 2030 წლიდან 66-დან 67 წლამდე გაზრდა დააანონსა. ეს რეფორმა კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა, ფართო დემონსტრაციების დასაწყებად.
მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტი გადასახადების შემცირება იყო. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო 2017 წელს მოგების გადასახადის 34%-დან 29%-მდე კლება, რომელიც 2020 წლიდან 25% უნდა გამხდარიყო.
თავდაცვის გაძლიერება კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. ამ მიზნით, F-16-ის მოდელის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ულტრა თანამედროვე F-35 მოდელით ჩანაცვლდა.
მიშელის კოალიციაში კრიზისი 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ბელგიას უნდა გადაეწყვიტა მოაწერდა თუ არა ხელს გაეროს მიერ ინიცირებულ მიგრაციის პაქტს. პაქტს მკაცრად აკრიტიკებდნენ მსოფლიოს მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიები, როგორ ზღვრის წაშლას ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას შორის. პაქტთან შეერთების წინააღმდეგი იყო “ახალი ფლანდრიული ალიანსი”, რომელიც კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტია იყო.
მიშელმა საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე გაიტანა, სადაც პაქტთან შეერთებას, დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო კენჭისყრის საფუძველზე, შარლ მიშელმა ბელგიის პაქტთან შეერთებას დაეთანხმა, რასაც “ახალი ფლანდრიული ალიანსის” მიერ კოალიციის დატოვება მოჰყვა. შარლ მიშელმა ქვეყნის მართვა უმცირესობის მთავრობით 2019 წლის 27 ოქტომბრამდე გააგრძელა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა შარლ მიშელის ბელგიის საშინაო პოლიტიკიდან გამოსვლის ყველაზე კარგი სტრატეგია იყო. ბელგიის პრემიერ-მინისტრის რანგში ხშირი ოფიციალური ვიზიტებით და არაფორმალური შეხვედრებით, მიშელმა კონტინენტის სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ახლო ურთიერთობა დაამყარა.
თანამდებობას ჰერმან ვან რომპეი შემდეგ, მიშელი ევროპული საბჭოს მეორე ბელგიელი პრეზიდენტი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მეტად რთულ თანამდებობაზე, მიშელის კანდიდატურა პრაქტიკულად უკონკურენტო იყო.
არჩევის დროს, მას უკვე ჰქონდა კარგი მომლაპარაკებლის და კომპრომისების შემქმნელის იმიჯი. მიშელს ზურგს უმაგრებდა ბელგიურ პოლიტიკაში შეძენილი გამოცდილება, რომელიც უკიდურესად ფრაგმენტირებულია. ბელგიაში პირდაპირი პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რომელიმე პარტიის მყარ უმრავლესობას, მეტიც, როგორც წესი, ბელგიაში კოალიციები მინიმუმ 4 პარტიისგან შედგება, ხოლო ყოფილა შემთხვევები, როდესაც მმართველ კოალიციაში 8 პარტია მონაწილეობდა.
შარლ მიშელისთვის კონსესუსების ძიება უცხო არ არის
ევროპული პოლიტიკის მკვლევარები ხშირად ამბობენ, რომ ბელგია ცენტრალური ევროპის ბალკანეთია, რადგანაც, რეგიონები დაყოფილია ლინგვისტურად, პოლიტიკური ტრადიციებითა და შეხედულებებით.
ამ ვითარებაში ხშირია სამთავრობო კრიზისები, მეტიც, 2010-11 წლებში ბელგიაში სამთავრობო კრიზისი 353 დღე გაგრძელდა. ამაზე დიდხანს, სამთავრობო კრიზისი მხოლოდ კამჯობაში მიმდინარეობდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელგია ფედერალისტური სახელმწიფოა, შესაბამისად, თვითმართველობა რეგიონებში ძალიან ძლიერია. სწორედ თვითმართველობის დონეზე მიიღება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ფედერალური სამთავრობო კრიზისი, მოსახლეობის ცხოვრებაზე ძლიერად არ ზემოქმედებს.
ამგვარად, შარლ მიშელისთვის პოლიტიკური კრიზისები ნამდვილად არ არის უცხო რამ და მეტიც, მისთვის ასეთი ვითარება ალბათ უფრო ნორმაა, ვიდრე გამონაკლისი. ჯერ კიდევ ევროპული საბჭოს პრეზიდენტობამდე, შარლ მიშელს ევროპის პოლიტიკურ წრეებში იცნობდნენ როგორც კონსენსუსის მიღწევის უბადლო ოსტატს.
მიშელის მთავრობას ბელგიაში ხშირად კამიკაძეების მთავრობასაც უწოდებდნენ და მიუხედავად ამისა, მან განახორციელა წარმატებული ფისკალური რეფორმა, რომლის გატარების შანსებს ყველგან უკიდურესად სკეპტიკურად აფასებდნენ. ამ რეფორმის გატარებისა და სხვა რთული კრიზისების გადაჭრისთვის, შარლ მიშელმა სამშობლოში სასწაულმოქმედი პრემიერის ზედმეტსახელიც დაიმსახურა.
რატომ არის მიშელის მოლაპარაკებები წარმატებული?
ბელგიის პრემიერობის რანგში შარლ მიშელი ხშირად იყენებდა მოლაპარაკების ტექნიკას, რასაც პოლიტიკური კომენტატორები “მიშელის მეთოდს” უწოდებდნენ. ბელგიის ბიუჯეტის დამტკიცებისას, რაც ძალიან რთული და გრძელი პროცესია, მიშელი სთხოვდა თითოეულ პარტიას, წარმოედგინათ მათი სურვილების ჩამონათვალი და ამ საკითხებს ორმხრივ შეხვედრებზე განიხილავდა.
ამგვარად მიშელი ადგენდა თითოეული პარტიისთვის პრინციპულად პრიორიტეტულ თემებს, რაც საბოლოოდ შესაძლო კომპრომისების სურათის მონახაზსაც ქმნიდა. ორმხრივ შეხვედრებზე, მიშელი მყარად იცავდა პოზიციებს, რომელიც აუცილებელი იყო კონსენსუსის მისაღწევად და პარალელურად ითვალისწინებდა იმ ინდივიდუალურ პოზიციებს, რომლებსაც პოლიტიკური მოთამაშეები არ გადათქვამდნენ.
მას შემდეგ, რაც მიშელისთვის გასაგები გახდებოდა მაგიდის ყველა მონაწილის პოზიციას და შეიქმნებოდა ნათელი წარმოდგენა, ის ყველა მონაწილეს დიდ შეხვედრაზე საყოველთაო კონსენსუსის მისაღწევად იწვევდა. ეს შეხვედრები ხშირად არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა და მრავალი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის გამო, პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავდნენ შარლ მიშელის მოთმინების უნარს და სიმტკიცეს კომპრომისის მისაღწევად, მაშინ, როდესაც სხვები უფრო მარტივად ნებდებოდნენ.
პოლიტიკური კომენტატორების აზრით, მიშელის მეთოდად წოდებულ ფენომენს, სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს. მათგან ერთ-ერთია ე.წ “ზაფხულის შეთანხმებები”, რომელსაც მომლაპარაკებელი ხშირად გამოიყენებდა.
ამ ტაქტიკის თანახმად, რეფორმებსა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინიციატივებს, მიშელის გუნდი ერთ პაკეტში აერთიანებდა და პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს ხშირად ზაფხულში აწარმოებდა, იმ მიზეზით, რომ პროცესს შვებულებაში მყოფი პრესის ნაკლები ყურადღება მიეპყრო. მინისტრებსა და პოლიტიკურ მოთამაშეებს ხშირად უწევდათ საზაფხულო შვებულების გადაწევა, მანამ სანამ შეთანხმება არ შედგებოდა.
სხვადასხვა საკითხის გაერთიანებით, შარლ მიშელი ცდილობდა პოზიციების დაახლოებას და პროცესი მხოლოდ მაშინ სრულდებოდა, როდესაც პრემიერი დარწმუნდებოდა, რომ ყველამ მოთამაშემ მისთვის პრინციპული ერთ საკითხი მაინც გაიტანა. შესაბამისად, შეთანხმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თითოეულ პარტიას ჰქონდა თავის წარმატებაზე სალაპარაკო. მაგალითად, 2017 წლის ზაფხულის შეთანხმება 30-ზე მეტ გადაწყვეტილებას აერთიანებდა, რომელიც ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხებოდა.
გარდა ამისა, შარლ მიშელი ხშირად გამიზნულად ტოვებდა ცარიელ ადგილებს იმ საკითხებზე, რომლებზეც შეთანხმება ვერ მიიღწეოდა. ამგვარად, მოწინააღმდეგე მხარეებს არ ჰქონდათ უკმაყოფილების საფუძველი და კვლავ რჩებოდნენ პროცესში.
მიშელის მეთოდის მესამე და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის იყო, რომ მას შეეძლო კონსენსუსის მიღწევა, ხოლო პარალელურად, უპასუხოდ ტოვებდა კითხვას, თუ ვინ და როგორ გადაიხდიდა ამ შეთანხმების საფასურს. ეს ხშირად ართულებდა მოლაპარაკებების შემდგომ პროცესს, თუმცა მთავარი ის გახლდათ, რომ ყველაზე რთული ნაწილი უკვე გაკვალული იყო.
შარლ მიშელი ხშირად ისეთ პროცესებში მონაწილეობს, სადაც მის ჩართულობას ნაკლებად ელიან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში, პირველ სამიტზე, მისი ხელმძღვანელობით მიაღწიეს ერთობას კლიმატური ნეიტრალობის საკითხზე. სინამდვილეში კონსენსუსი მას შემდეგ შედგა, რაც ევროკავშირმა პოლონეთისთვის გამონაკლისი დაუშვა, ხოლო გაერთიანების დანარჩენი 26 წევრი შეთანხმებაში საერთო პირობებით ჩაერთო.
შარლ მიშელს დაუკავშირდა ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის უმტკივნეულო დამტკიცება. ბელგიის ბიუჯეტის მსგავსად, ევროკავშირის საერთო ბიუჯეტისა და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის პირველივე ცდაზე მიღების შანსებს, ევროპელი პოლიტიკოსებიც სკეპტიკურად აფასებდნენ.
მიშელის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებლობის აღებას ბევრი სარისკო ნაბიჯად აფასებდა, ზოგი მიმომხილველი, პრეზიდენტის შესაძლო პოლიტიკურ სუიციდსაც პროგნოზირებდა. ამის მიუხედავად, ევროკავშირს გრძელვადიანი ბიუჯეტის დამტკიცება და ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის მიღება პირველივე ცდაზე მოხერხრდა, რისთვისაც ყველა კრედიტი სწორედ შარლ მიშელმა დაიწერა. ბევრმა პოლიტიკურმა კომენტატორმა მომხდარს პოლიტიკური სასწაული უწოდა. ევროპის პოლიტიკურ წრეებში ხშირად აღნიშნავენ მიშელის კიდევ ერთ თვისებას - მიიწეროს კრედიტი წარმატების დროს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ისრები ევროკომისიონერებზე და გაერთიანების სხვადასხვა დედაქალაქებზე გადაიტანოს.
შეჯამება
შარლ მიშელმა უკვე შეძლო წინასწარ გაწერილი საკითხების მიღმაც აქტიური პოზიციების დაკავება. მოლოდინი, რომ ის უფრო მეტად ცერემონიალური ლიდერი იქნებოდა, არ გამართლდა. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედისგან, დონალდ ტუსკისგან, რომლის ძირითად ფუნქციასაც ევროგაერთიანების ცალკეული წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან კონსულტაციები წარმოადგენდა. იგი უფრო მეტად აღიქმებოდა ცენტრიდან მოთამაშედ, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღებ ნაციონალურ ლიდერებს ეხმარებოდა.
მიშელის გაპრეზიდენტებით ეს მოცემულობა შეიცვალა, მან უარი სცენის უხილავი მოთამაშის როლზე. მეტიც, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხშირად ხშირად იღებს ინიციატივას, მოგზაურობს ქვეყნებში და აქტიურად ერთვება ისეთ პროცესებში, რომელიც მის ფორმატში პირდაპირ არ შედის.
სწორად ამ თვისების გამოვლენა იყო მისი საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში აქტიურად ჩართვა. მარტში განხორციელებული პირველი ვიზიტის შემდეგ, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან მან საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, სადაც ყურადღება შემდეგმა კომენტარმა მიიქცია.
"მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მე ბელგიიდან ვარ, სადაც ყველა პოლიტიკური კრიზისის ნამდვილი ექსპერტია," - ამბობს მიშელი ინტერვიუში.
ეჭვგარეშეა, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმება, შარლ მიშელის კიდევ ერთ წარმატებად მოინათლება, რაც რეგიონალური კრიზისის ფონზე, ევროკავშირსაც უთუოდ ესაჭიროებოდა.