-

თებერვლის მიწურულს ყოველდღიურ მიმოხილვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელი თვის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა 15 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, განადგურებული ბორტების უმრავლესობა რუსეთის მეოთხე თაობის Cу-34-ებზე მოდის, გარდა ამისა საჰაერო ბაზირების სამეთაურო პუნქტი ИЛ-22-სა და სადაზვერვო თვითმფრინავ A-50-ზე. 

ომის პირობებში მხარეების მიერ დანაკარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დამოუკიდებლად ვერიფიცირება შეუძლებელია, თუმცა როგორც მინიმუმ რამდენიმე შემთხვევაში რუსეთის ავიაციის დანაკარგები დადასტურებულია. 

ტრადიციისამებრ დანაკარგებზე არაფერს ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ბოლო პერიოდში დუმილს ინარჩუნებენ ის Z-ბლოგერებიც, რომლებიც მანამდე რუსეთის არმიის მტკივნეულ დანაკარგებზე წერდნენ. ზოგი Z-ბლოგერი აღიარებს ცალკეულ დანაკარგებს, თუმცა მათ ე.წ. მეგობრულ ცეცხლს ანუ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეცდომას მიაწერს. 

საყურადღებოა, რომ რუსეთის ავიაციის დანაკარგები ფრონტის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე წამოწყებული იერიშების ფონზე იზრდება. აშშ-ს სამხედრო დახმარების გაჭიანურებასთან ერთად უკრაინა განიცდის არამხოლოდ საარტილერიო ჭურვების, არამედ საზენიტო რაკეტების დეფიციტსაც. 

რა ვიცით საავიაციო დანაკარგებზე 

უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომი 2 წლის წლის განმავლობაში განადგურებულია 347 სამხედრო თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი. დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ რიცხვებს გაზვიადებულად მიიჩნევენ. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში დანაკარგების ფოტო და ვიდეო მასალით ვერიფიცირება ვერ ხერხდება. 

Rand Corporation-ის შეფასებით, რუსეთის ტაქტიკური ავიაციის დანაკარგები 2023 წლის აგვისტოსთვის 130 თვითმფრინავს შეადგენდა, თუმცა მკველვარი განმარტავს, რომ საუბარია მხოლოდ უკრაინის სტაციონალური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებულ ბორტებზე. სავარაუდოდ ჯამური რიცხვი საგრძნობლად მაღალია. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით ამ დანაკარგების უმეტესობა ომის საწყის პერიოდს უკავშირდება, როდესაც მასირებული საავიაციო კამპანიის მეშვეობით კრემლი უკრაინის მთავრობის დეკაპიტაციას ცდილობდა. შეჭრის პირველ კვირებში განცდილი მძიმე დანაკარგების შემდეგ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა (ВКС) ტაქტიკა შეცვალეს. 2023 წლის შემოდგომიდან რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საზღვაო ბაზირებისა და შორეული ავიაციის სარაკეტო კამპანიაზე გადაერთო. 

ძვირადღირებული ბორტებისა და კიდევ უფრო ფასეული გამოცდილი მფრინავების დაზოგვის მიზნით, მომდევნო თვეებში რუსული ავიაციის აქტივობა ფრონტის გაყოლებაზე შემცირდა, მცირდებოდა დანაკარგებიც.

ვითარება უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ შეიცვალა: მასშტაბური და ეშელონირებული თავდაცვის ხაზებმა ოკუპანტების ავიაციას ახალი შესაძლებლობები მისცა. ზაპორიჟიაში უკრაინის არმიის მიერ წამოწყებული იერიშის შემდეგ გაიზარდა რუსული КА-52-ის ტიპის ვერტმფრენების აქტიურობა. 

ამ ტიპის ვერტმფრენები აღჭურვილია Выхр-ის ტიპის ანტი-სატანკო რაკეტებით, რომელთა გაშვებაც შორი მანძილადანაა შესაძლებელი. ამგვარად უკრაინელთა მობილური ჰსთ-ს წვდომის მიღმა მფრინავი ვერტმფრენები მარტივად ანადგურებდნენ დანაღმულ ველებზე გაჭედილ ან დაბალი ტემპით მიმავალ უკრაინულ ჯავშანტექნიკას. 

მომდევნო თვეებში უკრაინამ შეძლო ადაპტირება და ათობით ვერტმფრენის განადგურება, თუმცა ამას კონტრიერიშის მიმართულება არ შეუცვლია. ЗСУ-ს ვერ მიაღწია დასახულ ამოცანას. 

სექტემბრის მიწურულს უკრაინული ძალები გამოიფიტნენ და მთელ მონაკვეთზე ინიციატივა კვლავ რუსეთს დაუბრუნდა. ამ თვალსაზრისით, რუსეთის მიერ წამოწყებული ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ავდიივკის შტურმი იყო, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო. 

სხვადასხვა მონაცემებით, ავდიივკასთან რუსეთმა დაახლოებით 7 სამხედრო ბრიგადა შეკრიბა, ცოცხალი ძალის რაოდენობა 40 ათასს აღემატებოდა. კრემლის თავდაპირველი ამოცანა იგივე იყო, რაც ბახმუტის ოპერაციის დროს: ქალაქის ორმაგ ალყაში მოქცევა. ოკუპანტებმა საერთო საჯარისო იერიში წამოიწყეს. მასირებულ დარტყმაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკისა, ავიაციისა და ქვეითების დიდი რაოდენობა, მთავარი მიზანს კი ფლანგიდან დარტყმით ფრონტის გარღვევა წარმოადგენდა. 

ალყის მცდელობა, ბახმუტის მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა ავდიივკაშიც, მაგრამ რუსებმა შეძლეს მოწინავე ხაზზე რამდენიმე უკრაინული პოზიციის დაკავება. შტურმის დაწყებიდან მალევე, რუსეთის არმიის დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში მკვეთრად გაიზარდა და ომის პირველ დღეების მაჩვენებელს გაუტოლდა. 

ალყის ამბიციური გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთის არმია მსუბუქი ჯავშანტექნიკით და მცირე დანაყოფებით შეტევის ტაქტიკაზე გადავიდა. ცოცხალ ძალაში დიდი უპირატესობის ფონზე, რუსეთი მუდმივად ახერხებდა ბრძოლაში ახალი დანაყოფების შეყვანას. უკრაინის მხარეს კი ავდიივკის დაცვის ჩონჩხს 110-ე მექანიზებული ბრიგადა და მათზე მიმაგრებული დანაყოფები წარმოადგენდა. ბრიგადა, ავდიივკაში შეჭრის პირველივე დღეებში გადაისროლეს, რის შემდეგაც როტაციაზე არ გასულა. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საარტილერიო ცეცხლში უპირატესობის გარდა რუსეთის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ავიაციის გაზრდილი ეფექტურობა იყო. საქმე ის არის, რომ გასული თვეების განმავლობაში რუსეთმა მართვადი ავიაბომბების მოდულების მასობრივი წარმოება გამართა.

ეს კი ВКС-ის ხელში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია. შორი დამიზნების წყალობით, რუსებს შეეძლოთ პრაქტიკულად დაუსჯელად ჩამოეგდოთ ბომბები უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე. 1 500-კილოიანი საავიაციო ბომბების გამანადგურებელი ეფექტი მალევე გამოჩნდა - ავდიივკაში მებრძოლი უკრაინელი სამხედროების ცნობით, თებერვალში, მათ პოზიციებზე დღეში დაახლოებით 60 ბომბი ვარდებოდა. 

რუსეთის ავიაციის ამ თავხედური ტაქტიკით უკრაინა პერიოდულად სარგებლობდა ხოლმე, იყო შემთხვევები ე.წ. საჰაერო ჩასაფრების, იყო დღეები, როდესაც რუსეთი ერთდროულად რამდენიმე ბორტს კარგავდა. თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის ავიაციის დანაკარგების ზრდამ მუდმივი ხასიათი მიიღო. 

ე.წ. თავისუფალი ვარდნების სერია 15 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელებმა პირველად ჩამოაგდეს ВКС-ის სადაზვერვო თვითმფრინავი, A-50. ბორტი პრაქტიკულად საჰაერო ბაზირების რადარია, რომელთა ჯამური რაოდენობაც სხვადასხვა მონაცემებით 10-ის ფარგლებშია. გარდა ამისა, იმავე ოპერაციის ფარგლებში მძიმედ დაზიანდა ИЛ-22-ის ტიპის საჰაერო ბაზირების სამეთაურო პუნქტი, ბოლო მონაცემებით, ბორტმა მშობლიურ აეროდრომაზე დაჯდომა მაინც მოახერხა. 

უკრაინული წყაროების ცნობით, თებერვალში ЗСУ-მ სულ ოკუპანტების 15 თვითმფრინავი გაანადგურეს, თუმცა ამ აქედან მხოლოდ 6 თვითმფრინავის განადგურებაა დადასტურებული ვიზუალურად. ამავე წყაროების მიხედვით, განადგურებული 15 ბორტიდან 11 ერთეული Cу-34-ის ტიპის ბორტია. 

ვიზუალური მასალის არარსებობას უკრაინელები იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავების უმეტესობა მტრის ტერიტორიის სიღრმეში განადგურდა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირაში რუსეთის ავიაციის აქტიურობა ფრონტის მთელ მონაკვეთზე მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში. განახევრებული საჰაერო დაბომბვების რიცხვიც. ამას ადასტურებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებიც.

Dnipro-ს სახელით ცნობილი უკრაინელი OSINT-ანალიტიკოსების ჯგუფმა გამოაქვეყნა რუსული აეროდრომებზე განთავსებული СУ-34-ების რიცხვი. ანალიზის მიხედვით, იანვართან შედარებით სხვადასხვა რუსულ აეროდრომებზე არ დაბრუნებულა ჯამურად 6 ერთეული Cу-34. გაზრდილ დანაკარგებზე მეტყველებს ამ ტიპის თვითმფრინავების რელოკაცია მუდმივი ბაზირების წერტილებიდან სხვა აეროდრომებზე. 

სხვადასხვა მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რუსეთს ჯამურად Cу-34-ის ტიპის 140 თვითმფრინავი ჰყავდა. ამგვარად თებერვალში უკრაინელების მიერ მიყენებული დანაკარგები არ ნიშნავს, რუსული ავიაციის ბრძოლისუნარიანობის განადგურებას, თუმცა სამხედრო ექსპერტების შეფასებით დანაკარგების ასეთი ტემპს რუსეთი დიდხანს ვერ აიტანს.

ადაპტაცია და გაზრდილი რისკები

უკრაინელი სპიკერები რუსეთის ავიაციის გაზრდილ დანაკარგებზე საუბრისას თავშეკავებულები არიან და ძირითადად განადგურებული ბორტის ტიპითა და მისი ჩამოვარდნის ლოკაციაზე საუბრით შემოიფარგლებიან. საჰაერო თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, იური იჰნატმა საკითხე საუბრისას PATRIOT-ების სისტემების ჩართულობაზე მიანიშნა. 

სწორედ ამ სისტემებზე საუბრობენ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტებიც - "რუსეთის ავიაციის გაზრდილი დანაკარგების გათვალისწინებით, უკრაინელები უფრო ხშირად რისკავენ და აგრესიულად იყენებენ PATRIOT-ებს ფრონტის წინა ხაზზე",- ამბობს BBC-სთან საუბარში გაერთიანებული ანალიტიკური სამსახურის მკველვარი ჯასტინ ბრონკი. 

ღია წყაროებში არსებული ცნობების მიხედვით, მართვადი საავიაციო ბომბების გასაშვებად რუსული თვითმფრინავები ფრონტის ხაზიდან 40-50 კილომეტრში უნდა აფრინდნენ. აქედან გამომდინარე რუსული ავიაცია უკრაინული მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემების წვდომის მიღმაა. 

მოსალოდნელია, რომ უკრაინამ ამ უპირატესობის აღმოსაფხვრელად PATRIOT-ის სისტემების გადაადგილება დაიწყო და ფრონტისპირა რაიონებში უცვლის ლოკაციას. უკრაინის განკარგულებაშია PAC2 ტიპის საზენიტო რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი სიგრძეში 140 და სიმაღლეში 30 კილომტრია. 

გარდა ამისა უკრაინელებს ხელს აძლევს ამ ტიპის სისტემების მობილურობაც: გამშვები მოწყობილობების საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად სულ 30 წუთია საჭირო და პროცესში 70 სამხედრო მონაწილეობს. ოპერირებისთვის საჭირო შედარებით მცირე დროის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ავიაციის დანაკარგების დიდი ნაწილი სწორედ PATRIOT-ების მუშაობას უკავშირდება. 

გარდა ამისა, საუბარია NASAMS-ის და IRIS T-ის ტიპის სისტემებზე. უკრაინელთა განკარგულებაშია მესამე თაობის რაკეტები, რომელთა წვდომის სულ 40 კილომეტრია, თუმცა შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ოკუპანტების ავიაცია შესაძლოა ამ რაკეტების მოქმედების რადიუსში ექცეოდეს. 

ასევე არ არის გამოსარიცხი უკრაინული ნოვაციებიც - უკრაინული წყაროს ცნობით, A50-ზე შეტევის დროს C-200-ის მოდიფიცურებული რაკეტები გამოიყენეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, უკრაინელებმა ამ ტიპის რაკეტები რუსული C-400-ების გასააქტიურებლად გამოიყენეს და სწორედ ამ რაკეტებმა გაანადგურეს თავისივე ბორტი. 

თებერვალში განცდილი დანაკარგები არ არის კრიტიკული ხარისხის, თუმცა ამ დროისთვის ეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების პირველადი მიზანი არც არის. ფრონტზე არსებული ორმაგი დეფიციტის გათვალისწინებით უკრაინისთვის საკმარისი იქნება რუსული ავიაციის ეფექტურად შეკავება, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მსგავსად. 

გასულ ზაფხულში ეფექტური და ზუსტი დარტყმების შედეგად უკრაინელებმა შავი ზღვის აკვატორიის დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. საზღვაო დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, უკრაინელბმა ჯამურად შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი გაანადგურეს.

წარუმატებელი სახმელეთო კონტრიერიშის მიუხედავად უკრაინას სერიოზული წარმატება ჰქონდა ზღვაზე, რამაც ქვეყანას ექსპორტის აღდგენის საშუალება მისცა. ბოლო მონაცემებით, ოდესის პორტიდან ექსპორტი ომამდელი მოცულობის 75%-ს გაუტოლდა. 

რუსეთის ავიაციის ეფექტური შეკავება მნიშვნელოვნად გაართულებს მომდევნო იერიშებს ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე. 

მსგავსი სიახლეები