ალიევმა სომხეთს "ფაშისტური სახელმწიფო" და რეგიონისთვის საფრთხე უწოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთი "ფაშისტურ სახელმწიფო" და "რეგიონისთვის საფრთხის წყაროა."

ამის შესახებ მან 7 იანვარს, აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის თქმით, სომხეთი "რეალურად რეგიონისთვის საფრთხის წყაროა," ხოლო დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო "არსებითად ფაშისტურია," რადგან მას "თითქმის 30 წლის განმავლობაში ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები ხელმძღვანელობდნენ."

"ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელისუფლება გაანადგურებს ან ჩვენ. სხვა გზა არ გვაქვს," - აღნიშნა მან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები მიუთითებს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების მორიგ ესკალაციაზე, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმებაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებზე სომხეთს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

2024 წლის აგვისტოს ბოლოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად შესთავაზა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, რადგან მხარეებსორმხრივ მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებზე საკმარისი პროგრესი აქვთ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს ბოლო 5 წელიწადში ორი ომი ჰქონდათ, რაც საბოლოოდ აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის და სხვა ოკუპირებული ტერიტოების დაბრუნებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები