დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:09 | 24 სექტემბერი, 2026 — ევროპა

პოლონეთში Starlink-ის სადგური დაიწვა - ხელისუფლება დივერსიაზე საუბრობს

ოთხშაბათს საღამოს პოლონეთში Starlink-ის სატელიტური კავშირის სადგურზე ხანძარი გაჩნდა. RMF24-ის ცნობით, დაიწვა ანტენები და დაზიანდა ელექტროგენერატორი.

ვითარების არსი: პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების შედეგი იყოს.

  • "ეს არის ინტერნეტ-ჰაბი, რომელიც უკრაინაში ინტერნეტის მუშაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა მინისტრმა.

  • მისივე განმარტებით, სადგურს სახელმწიფო კომპანია Exatel მართავს, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში ინტერნეტუსაფრთხოებასა და ქსელზე წვდომას უზრუნველყოფს.

  • "ეს ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ელემენტია", - ხაზგასმით აღნიშნა გავკოვსკიმ.

წინა შემთხვევები: სექტემბრის დასაწყისში პოლონეთში ხანძარი კიდევ ორ მნიშვნელოვან ობიექტზე გაჩნდა:  WB Electronics-ის ქარხანაში (სადაც საჰაერო და სახმელეთო დრონების კომპონენტებს უშვებენ) და JFG Composites-ის ქარხანასა და საწყობში (სადაც თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების დეტალები იწარმოება და ინახება).

  • პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაშინ განაცხადა, რომ პირველ შემთხვევაში ადგილი დივერსიას ჰქონდა.

დანიის დაზვერვა: 24 სექტემბრის დანიის სამხედრო და საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, ქვეყანა მოელის, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი ჰიბრიდულ ომს კიდევ უფრო გააძლიერებს.

  • "უახლოეს თვეებში რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული ომის მასშტაბების ზრდას და დასავლეთისა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმების გახშირებას, ამასთან, დაზარალებული სახელმწიფოებისთვის ამ ქმედებების შედეგები წარსულთან შედარებით ბევრად მძიმე იქნება", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც Reuters ციტირებს.

  • სააგენტო შეგვახსენებს, რომ ევროპის ტერიტორიაზე დივერსიებისა და ჰიბრიდული ომის საკითხი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოლო ცნობები: დღეს დილით მინიმუმ ოთხმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. მათგან, სულ მცირე, ერთი მინდორში ჩამოვარდა.

  • კიდევ ერთმა რუსულმა უპილოტო აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და სუჩავასთან ახლოს ჩამოვარდა.
  • მის ჩამოსაგდებად ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი გაიგზავნა.
  • ამასთან, ოდნავ ადრე, საზღვართან რუსული დრონების მიახლოების გამო ორი ესპანური F-18-იც აფრინდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე