დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:47 | 24 სექტემბერი, 2026 — აშშ

ხელთათმანები 19 გრადუსში - რას შეიძლება მალავდეს ტრამპი?

პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ენდრიუსის ავიაბაზაზე. 2026 წელი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩაცმულობამ ენდრიუსის ავიაბაზაზე საყოველთაო ყურადღება მიიქცია. ოთხშაბათს საღამოს მან ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს (რომელიც ბოლო ოფიციალური ვიზიტით შტატებში 2015 წელს იმყოფებოდა) პირადად უმასპინძლა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ ავიაბაზაზე 19 გრადუსი სითბო იყო, ორი ქვეყნის პირველი წყვილებიდან ზამთრის სამოსი მხოლოდ დონალდ ტრამპს ეცვა.

  • სი ძინპინი - მუქი ლურჯი კოსტიუმი და იისფერი ჰალსტუხი.

  • პენ ლიიუანი (ჩინეთის პირველი ლედი) - ღია ნაცრისფერი კაბა და ღია ფერის შარფი.

  • მელანია ტრამპი — შავი ორნაწილიანი კოსტიუმი.

  • დონალდ ტრამპი - შავი პალტო და ხელთათმანები.

ხელთათმანები: ტრამპმა მარჯვენა ხელთათმანი მხოლოდ მაშინ მოიხსნა, როცა თვითმფრინავიდან ჩამოსულ სი ძინპინს, პენ ლიიუანს, ჩინეთის ელჩს და დელეგაციის სხვა წევრებს ხელი ჩამოართვა, თუმცა დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დროს ისევ დააბრუნა და ეროვნული ჰიმნების შესრულებისას, სალმებისას, ხელთათმანი ისევ ეკეთა.

პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და სი ძინპინი პირველ ლედებთან ერთად ენდრიუსის ავიაბაზაზე. 2026 წელი.

რას შეიძლება მალავდეს ტრამპი: მთავარი ვარაუდი პრეზიდენტის ხელებზე არსებულ სილურჯეებსა და დაჟეჟილობებს უკავშირდება.

  • ჯერ კიდევ გასულ კვირას, ნოემბრის შუალედური არჩევნების კამპანიაზე, საზოგადოებამ მის მარცხენა ხელზე ახალი, უჩვეულო დაჟეჟილობები შეამჩნია (არარეგულარული მუქი იისფერი და ლურჯი ლაქები), რომლებიც წარსულში არსებული სილურჯეებისგან (რაც ძირითადად ხელის მტევნის ზურგზე ვრცელდებოდა ხოლმე) განსხვავდებოდა.

ტრამპის პასუხი: თავად პრეზიდენტს ხელებზე სილურჯეების გაჩენასთან დაკავშირებით საკუთარი ახსნა აქვს.

  • ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც მარცხენა ხელზე სილურჯე შეუმჩნიეს, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი მაგიდას მიარტყა, სილურჯეებისკენ მიდრეკილება კი მედიკამენტების ბრალია.

  • "დიდ ასპირინს ვსვამ და, როცა, დიდ ასპირინს სვამ, გეუბნებიან, რომ სილურჯეები გაგიჩნდება", - განაცხადა მან.

  • იმავე თვეში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა კატეგორიულად უარყო გულის რაიმე სახის დაავადების ან ინფარქტის არსებობა.

  • მიმდინარე წლის ივლისში, თეთრმა სახლმა ტრამპის ექიმის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სილურჯეები "ხშირი ხელის ჩამორთმევით გამოწვეული რბილი ქსოვილების მცირე გაღიზიანებისა და კარდიოვასკულური პრევენციის მიზნით მიღებული ასპირინის" კომბინაციის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს ივნისში 80 წელი შეუსრულდა. 2025 წლის იანვარში, მეორე ვადით ფიცის დადებისას, ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე