დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:53 | 26 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

როგორი იქნება რუსეთი 2030 წელს - ჰარვარდმა 4 შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა

ჰარვარდში მოქმედმა ანალიტიკურმა პროექტმა Russia Matters წარმოადგინა მოხსენება 2030 წელს რუსეთში მოვლენების განვითარების ოთხი სცენარის შესახებ.

ექსპერტებს ყველაზე სავარაუდოდ მიაჩნიათ ვარიანტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის რეჟიმი დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში მდგრადობას შეინარჩუნებს.

ავტორების მიზანია საგარეო პოლიტიკის, დაზვერვისა და თავდაცვის სფეროს სპეციალისტებს მისცენ "მონიტორინგის პანელი" და სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში რეაგირების მზა გეგმები.

ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოყვანილი ალბათობები ექსპერტულ შეფასებებს ეფუძნება და არა მათემატიკურ მოდელირებას.

მოხსენებაში შემდგომი განვითარების ოთხი შესაძლო ვარიანტია დასახელებული:

1. "ალყაშემორტყმული ციხესიმაგრე": ამ სცენარისას არსებული ვითარება ნარჩუნდება: ხელისუფლება ძალოვანი აპარატის მეშვეობით საზოგადოებას მკაცრად აკონტროლებს და სანქციურ წნეხს უძლებს.

  • ეკონომიკა სწრაფად არ იზრდება, მაგრამ ადაპტირდება ვაჭრობის გადაორიენტაციის ხარჯზე - განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის ექსპორტით აზიაში, პირველ რიგში კი ჩინეთში.
  • დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირება რეჟიმის დესტაბილიზაციას არ იწვევს. უკრაინასთან ომში კი გაჭიანურებული პოზიციური ჩიხია. ამ სცენარის ალბათობას 2030 წლისთვის ავტორები 37–42%-ით აფასებენ.

2. "გაწყვეტილი სიმი": მკვეთრ კატასტროფებს არ ითვალისწინებს, მიმდინარეობს ინსტიტუტების თანდათანობითი ეროზია - ნარჩუნდება ეკონომიკური სტაგნაცია (წლიური ზრდა სტაბილურად 1–2%-ზე ნაკლებია).

  • გრძელდება ტვინების გადინება. რეგიონები მოსკოვიდან მითითებებს სულ უფრო ნაკლებად ასრულებენ.
  • დასავლეთი რუსეთს ნაკლებ ყურადღებას უთმობს, იზოლაცია კი თავისთავად სუსტდება. ალბათობა 2030 წლისთვის - 23-26%.

3. "ვიღაცამ შეცდომა დაუშვა": ეს არის ვარიანტი ხელისუფლების პოზიციების შესამჩნევი შესუსტებით, თუმცა რუსეთის დასავლური სამყაროსგან მაღალი იზოლაციის შენარჩუნებით.

  • უკრაინაში აშკარა სამხედრო ან ოპერატიული წარუმატებლობა რეჟიმს მთავარ გამართლებას ართმევს.
  • სისტემა მაშინვე არ ინგრევა, მაგრამ ელიტების შიგნით, ძალოვნებსა და ტექნოკრატებს შორის, დამნაშავეების ძიების მწვავე ბრძოლა იწყება.
  • დასავლეთი სანქციებს აძლიერებს. ალბათობა 2030 წლისთვის - 16-21%.

4. "ახალი ტილზიტი": ეს სცენარი 1807 წლის ტილზიტის საზავო ხელშეკრულებას ეხმიანება.

  • ავტორები ამ ხელშეკრულებას გამარჯვებულის მიერ თავსმოხვეული და არამდგრადი საერთაშორისო წესრიგის მაგალითად განიხილავენ.
  • ამ სცენარის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას აღწევს და ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოების საკუთარ მოდელს ახვევს თავს.
  • იზოლაცია სუსტდება არა იმიტომ, რომ მოსკოვი დათმობებზე მიდის, არამედ თავად დასავლეთის ქვეყნების შიდა განხეთქილებისა და დაღლილობის გამო.
  • ალბათობა 2030 წლისთვის - 16-19%.

გარდა ამისა, ცალკეული ავტორები მასშტაბური შედეგების მქონე ორ ნაკლებად სავარაუდო სცენარს განიხილავენ.

  • პირველია რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტის ერთდროული დაშლა და ბირთვულ იარაღზე კონტროლის დაკარგვა.
  • მეორე - სწრაფი განხეთქილება ძალოვან აპარატში 2023 წელს პრიგოჟინის ამბოხის მსგავსად.
  • მეორე მოვლენის ალბათობას ანალიტიკოსები ახლა 3–5%-ით აფასებენ, 2030 წლისთვის კი — 8–10%-ით.
  • პირველი მოვლენის ალბათობას ავტორები რაოდენობრივად არ აფასებენ.

პუტინის სიკვდილი: რუსეთში მოვლენების განვითარებაზე მოქმედ საკვანძო ფაქტორებს შორის მოხსენების ავტორები ვლადიმერ პუტინის ბუნებრივი მიზეზებით შესაძლო გარდაცვალებას ასახელებენ.

  • პრეზიდენტის ასაკის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები უშვებენ, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლოა წინასწარ შემუშავებული სცენარით არ მოხდეს და სვამენ კითხვას, თუ როგორ შეცვლის ეს კონკურენციას რუსულ ელიტებში, თუმცა ცალსახა პასუხს არ იძლევიან.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე