აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, მომდევნო კვირას კიევს ეწვევა

დონალდ ტრამპის დავალებით აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი მომდევნო კვირას კიევს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. 

ბესენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა, თუმცა მალევე დაადასტურა დონალდ ტრამპმაც. 

"მე ვაგზავნი ფინანსთან მინისტრს უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს - ძალიან ბევრი სიკვდილი და ნგრევაა"- წერს ტრამპი. 

Bloomberg-ის ცნობით, ბესენტის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი უკრაინასა და აშშ-ს შორის სამხედრო დახმარების გაგრძელების პირობებზე შეთანხმება იქნება. 

ასევე, ცნობილია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომდევნო კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსს და კეიტ კელოგს შეხვდება.

გასულ დღეებში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად იქნება განიხილოს უკრაინის დახმარების გაგრძელება ქვეყნის იშვიად სასარგებლო წიაღისეულზე წვდომის სანაცვლოდ. მოგვიანებით ტრამპმა დასძინა, რომ ოფიციალური კიევი "პრინციპში" დაეთანხმა ამგვარ შეთანხმებას, რომლის მოცულობაც 500 მილიარდი დოლარი იქნება. 

მიიჩნევა, რომ უკრაინაში იშვიათი სასარგებლო მეტალების დიდი მარაგებია, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმისა და კობალტის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის უმნიშვნელოვანესს ფუნქციას ასრულებს. 

მსგავსი სიახლეები