ბაიდენი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე რუტეს კანდიდატურას მხარს უჭერს - Politico

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.
ამის შესახებ Politico ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
ბაიდენის პოზიცია, სავარაუდოდ, უფრო მეტ მოკავშირეს უბიძგებს, რათა მხარი დაუჭირონ რუტეს კანდიდატურას.
Politico-მ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს ქვეყნების ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა რუტეს კანდიდატურას.
ოქტომბერში ნატოს ამჟამინდელ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება, ნიდერლანდების ლიდერს მოუწევს ადაპტირდეს რესპუბლიკური პარტიის სკეპტიციზმთან ნატოსა და კოლექტიური უსაფრთხოების მიმართ.
მარკ რუტემ უკვე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს წუწუნი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებაზე და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს უკრაინისთვის.
ბოლო დროს ტრამპის განცხადებებმა ალიანსის წევრებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ტრამპმა აღწერა, თუ როგორ დაემუქრა მოკავშირეებს, რომ "წახალისებდა რუსეთის" თავდასხმას, რათა ისინი ეიძულებინა გაეზარდათ თავიანთი წვლილი ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში.