ბაიდენის ვიზიტისას ჩინეთმა და რუსეთმა იაპონიასთან ახლოს წვრთნები ჩაატარეს

იაპონიაში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტისას ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩინეთის და რუსეთის სტრატეგიულმა გამანადგურებლებმა დაარღვიეს. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მომხდარს პროვოკაციული და მიუღებელი ინციდენტი უწოდა. 

არსებული ცნობებით, საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ჰაერში იაპონური გამანადგურებლებიც მალევე გამოჩნდა, ამ დროს ტოკიოში ე.წ. QUAD-ის სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი იმართება. ამ გაერთიანებაში აშშ-ს გარდა ინდოეთი, ავსტრალია და იაპონია შედის. ოთხივე ქვეყნის ლიდერი ამ დროს ტოკიოში იმყოფებოდა. 

"ჩვენი შეფასებით ის, რომ ინციდენტი სამიტის მიმდინარეობისას მოხდა კიდევ უფრო პროვოკაციულ ხასიათს აძლევს, ვიდრე წარსულში მომხდარ მსგავს შემთხვევებს", - განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა. 

დღესვე კორეულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურ-რუსული გამანადგურებლების წყვილმა სამხრეთ-კორეის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. 

ჯო ბაიდენი აზიურ ტურნეში იმყოფება, რის ფარგლებშიც სამხრეთ კორეას და იაპონიას ეწვია. სწორედ სამხრეთ-კორეაში მოაწერა ხელი ბაიდენმა უკრაინისთვის განკუთვნილი 40 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტს. 

მოკავშირე ქვეყნებში ვიზიტი ჩინეთის საფრთხის წინაშე ალიანსის განმტკიცებას ისახავს მიზნად, გარდა ამისა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტურობისთვის იაპონიისა და სამხრეთ კორეის პოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

მსგავსი სიახლეები