ბინ სალმანმა ბაიდენს უთხრა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება ომის შემდეგ განახლდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრი, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ღაზაში ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

ბაიდენმა და ბინ სალმანმა "დაადასტურეს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მდგრად მშვიდობაზე მუშაობის მნიშვნელობა, როგორც კი კრიზისი ჩაცხრება."

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ნორმალიზაცია აღარ არის აშშ-სა და ისრაელისთვის ყველაზე მნიშნველოვანი პრიორიტეტი, რადგან ისინი ჰამასის თავდასხმაზე რეაგირებით არიან დაკავებული. თუმცა, თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ის კვლავ არის ამ მიზნის ერთგული და ვარაუდობს, რომ ჰამასის ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი მიზეზი ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების ჩაშლა იყო.

ბაიდენი, განსაკუთრებით კი ბინ სალმანი, მიესალმა ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მიმდინარე მცდელობებს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ორი ლიდერი ასევე მიესალმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას და დამატებითი დახმარების საჭიროება აღიარა.

ბაიდენი მიესალმა "ყურის თანამშრომლობის საბჭოს მიერ 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისგან 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას განიხილავს."

"ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ განაგრძონ უფრო ფართო დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად," - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები