14:30 | 25 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
"კიდევ ერთი СВО" - ვის ემუქრებოდა РИА Новости სტატიაში, რომელიც საიტიდან წაშალეს
რუსულმა სახელმწიფო სააგენტო "РИА Новости-მ" ლიეტუვასთან შესაძლო ომის შესახებ მასალა გამოაქვეყნა.
სტატიის სათაურია "რუსეთს კიდევ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ელის და ის ძალიან მოკლე იქნება".
ავტორი ალექსანდრე ნოსოვიჩია - საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრი და "ვალდაის" კლუბის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.
ვითარების არსი: ახალი "სპეცოპერაციის" შესახებ მასალა РИА Новости-ს მთავარ გვერდზე პარასკევს დილით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით სააგენტომ ის ვებგვერდიდან წაშალა.
- სტატია ლიეტუვის პარლამენტის მიერ სამშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებოდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვა გაუქმდა.
ავტორი წერს, რომ ევროპელები იმ სტადიამდე მივიდნენ, როცა ბირთვული იარაღის საწყობად გადაქცევაზე თანახმა ქვეყანას ეძებენ, პოლონეთს კი საკუთარ ტერიტორიაზე ამის გაკეთება არ სურს.
"იქ კარგად ესმით უკრაინის შემდეგ რუსი მერაკეტეებისთვის მორიგ სასწავლო-საწვრთნელ ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა და ეს არ უნდათ", - წერდა ნოსოვიჩი.
ის ლიეტუვას უკრაინას ადარებს: "რამდენიმე წლის წინ რუსეთს, ცინიკურად რომ ვთქვათ, უკრაინა 'მიჰყიდეს'... მინსკიდან და კალინინგრადიდან რამდენიმე საათის სავალზე განთავსებული ბირთვული ქობინები კიდევ ერთი კომერციული შეთავაზება იქნება".
პირდაპირი მუქარა: "არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს არჩევანი საერთოდ არ აქვს. რუსეთს აქვს არჩევანი, თუ როგორ იბრძოლოს. საუბარი იმაზე კი არ არის, დიდხანს გაგრძელდება ეს თუ არა - ცხადია, სწრაფად: ბალტიისპირეთში სამხედრო კონფლიქტი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ ვერ იქნება ისეთი, როგორიც უკრაინაშია. საუბარია იმაზე, თუ რა საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი. და რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები საუბარს პირველები გადაიტანენ ბირთვული საფრთხის განზომილებაში, რუსეთს შეუძლია, სახმელეთო კონტინგენტის შეყვანაზე უარიც კი თქვას. გამოიყენებს მხოლოდ რაკეტებს, შესაბამისი მუხტით“.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
კონტექსტი: РИА Новости-ს სტატია ნატო-ს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ დასავლური დაზვერვის უახლესი ცნობების ფონზე გამოქვეყნდა.
გუშინ დანიის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა უახლოეს თვეებში ალიანსის წევრ ქვეყანაზე, შესაძლოა, შეზღუდული სამხედრო დარტყმა განახორციელოს.
კვირის დასაწყისში ჩეხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ მოსკოვი ნატო-ს ტერიტორიაზე შეზღუდულ შეჭრაზე ან სხვა სახის პროვოკაციაზე რამდენიმე თვეში წავიდეს.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ დარტყმებს ამზადებს.